საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 42 მილიარდი კუბური მეტრის გაზის გეოლოგიური მარაგის აღმჩენის შესახებ ინფორმაციას „კომერსანტთან" საუბარში ამერიკული კომპანია „ფრონტერა" ადასტურებს. ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი დაახლოებით 250 დოლარია, საქართველო წელიწადში 2-2.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს.
კომპანიაში ამბობენ, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, მწარე ხევის საბადოზე გაზის მოპოვება და დისტრიბუცია დაიწყო.
„ეს არის ისტორიული მოვლენა. ჩვენ საქართველოში 1997 წლიდან ვმუშაობთ, ძირითადად, კვლევებს ვაწარმოებთ ნავთობისა და გაზის სფეროებში, აღმოვაჩინეთ 42 მილიარდი კუბური მეტრის გაზის საბადო, რომელიც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობა იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს „ფრონტერას" აღმასრულებელმა სტივ ნიკადროსმა.
„ცნობილია, რომ საქართველო არის ენერგოტრანზიტის ქვეყანა, მაგრამ მას აქვს პოტენციურად შესაძლებლობა, რომ გახდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის გაზის მომპოვებელი სახელმწიფოც, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგომოთხოვნების დამოუკიდებლობას, ეს ასევე საშუალებას მისცემს ქვეყანას, ბუნებრივი აირი ექსპორტზეც კი გაიტანოს, ეს ნამდვილად წინ გადადგმულია ნაბიჯია ენერგეტიკის სფეროში", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
„კომერსანტი" აღნიშნული ინფორმაციით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტომ trend.az-მა გაავრცელა ინფორმაცია საბადოს აღმოჩენის შესახებ.
წყარო: commersant.ge