საზღვრისპირა რეგიონებში მთავრობა ვეტერანების ჩასახლებას გეგმავს, რომელიც ებრაული მოშავის სოფლის გამოცდილებას ეყრდნობა და „გეორგია" ერქმევა. საპილოტე სოფელი 75 მილიონი დოლარი დაჯდება. ეკონომიკურმა საბჭომ ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო თემის პროექტის საბოლოო ვერსია უკვე მოიწონა. ამ თემაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა „ეკონომეტრში" ისაუბრა.
„მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს პროექტი არის უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იდეა. ისრაელს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ვეტერანებს ებრაელი სპეციალისტები კონკურსის წესით შეარჩევენ. ჩვენი გამოკითხვის შედეგად, საქართველოს მასშტაბით 28 ათას ვეტერანს აქვს სურვილი, რომ საზღვრისპირა რეგიონებში დასახლდნენ.
ტერიტორიაზე გაშენდება ახალი ხეხილის ბაღები, შეიქმნება სათბურები, საქონლის სადგომები, ასევე რძის გადამმუშავებელი ქარხანა, ლაბორატორია, რომელიც ხელს შეუწყობს სელექციას, იქნება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებები. ერთი სოფელი 550 ოჯახზეა გათვლილი, დაახლოებით 1500-დან 1800 ადამიანამდე. პირველი საპილოტე პროექტი დაფინანსდება ბიუჯეტიდან.
პრინციპულად უნდა გავძლიერდეთ, დავიცვათ საზღვარი და დავფუძნდეთ ჩვენს მიწაზე.
სოფელმა შემოსავლის სახით წელიწადში მინიმუმ რამდენიმე ათეული, 50-70 მილიონი ლარი მოგება უნდა უნდა მიიღოს. ეს დაიწყება ორი წლის შემდეგ, როცა სოფლის მშენებლობა და სავარგულების მოწესრიგება დამთავრდება. ჩვენ უნდა შევქმათ სტანდარტი, რომლის რეალიზაციას ქვეყნის შიგნითაც მოვახერხებთ და საზღვრებს გარეთაც გავიტანთ. ეს უნდა იყოს ევროპული დონის დამაკმაყოფილებელი სტანდარტი.
მივმართავ თითოეულ ვეტერანს, მათი ჩართულობა ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვეტერანებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფომ მათზე განსაკუთრებული ზრუნვა დაიწყო", - ამბობს შიხიაშვილი.