საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აღმასკომის წევრებთან ერთად მოლაპარაკებების გზით მივიდნენ იმ შეთანხმებამდე, რომ კახა ცხადაძეს უნდა შეუწყდეს ხელშეკრულება. განცხადება კობიაშვილმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამასთან, ლევან კობიაშვილმა მზაობა გამოთქვა, კიდევ ერთხელ შეხვდეს კახა ცხადაძეს.
„მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ ცხადაძე ნაკრების მწვრთნელი არ არის. ჩემი გადაწყვეტილება პრესკონფერენციაზეც ვთქვი. მე ჩავთვალე, რომ აღმასკომთან ერთად უნდა მესაუბრა. მივედით იმ შეთანხმებაზე აღმასკომთან, რომ მოლაპარაკებების გზით კახა ცხადაძესთან შეწყდეს ხელშეკრულება. მზად ვარ, კიდევ ერთხელ შევხდე და ვისაუბროთ, თუ როგორ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი მოლაპარაკების გზით", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.