რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს. ლავროვმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და „გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებზეც. ლავროვი საქართველოსა და „გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები „პრაგმატულ პროცესად" აფასებს. მისი განმარტებით, ეს მოლაპარაკებები აწყობს სომხეთსაც.
„ეს არის „პრაგმატული პროცესი", რომელიც ორივე მხარის ინტერესებში შედის და არ უნდა ველოდოთ ამ მოლაპარაკებების ჩაშლას", - განაცხადა ლავროვმა.
ამასთანავე, რუსეთის პირველმა დიპლომატმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისთვის მზაობა გამოთქვა.
„მზად ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც. პრეზიდენტმა პუტინმა, როცა ამაზე ჰკითხეს, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა", - განაცხადა ლავროვმა.