reportiori.ge - აგლაძეების ღვინის საიდუმლო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:48
პრეს-დაიჯესტი
აგლაძეების ღვინის საიდუმლო
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 15:07


„მზად ვარ, დღევანდელ ღვინოზე, რაც მასობრივად იწარმოება, ნებისმიერ მეღვინესა თუ ღვინის ქარხნის დირექტორს ვეკამათო. იმ ბრენდებსაც კი, რომლებიც თავიანთი პროდუქციით თავს იწონებენ, ნამდვილად არ აქვთ თავი მოსაწონი"



ძალიან გამიკვირდა, როცა შევიტყვე, რომ რეჟისორი გიგა აგლაძე მეურნე და მეღვინე ყოფილა. ეს, თურმე, მემკვიდრეობით გადმოეცა. ძალიან აფასებს საკუთარ გვარსა და წინაპრებს, მათ საქმეს სიამოვნებით განაგრძობს და ამაყობს ღვინის დაყენების საგვარეულო რეცეპტით. ნიშანდობლივია, რომ მან წინა თაობების შესახებ თითქმის ყველაფერი იცის.


- ჩემი წინაპრები საქართველოში განთქმული ხუროთმოძღვრები იყვნენ - თბილისში ბევრი მნიშვნელოვანი შენობის აგებაში მონაწილეობდნენ, ამასთან, დიდი მეურნეებიც გახლდნენ. ბაბუისგან (მამის მამისგან) ბევრი ინფორმაცია მივიღე - დავყავდი ნათესავებში, გვარისა და წინაპრების ტრადიციებზე მელაპარაკებოდა.


ბაბუის გარდაცვალების შემდეგ შინ გვარის გენეალოგია ვიპოვე. მეშვიდე თაობა ვარ და ჩემამდე ვინ იყვნენ წინაპრები, ყველა ვიცი (გიორგი, ლუკა, დავითი, ლუარსაბი, ამბროსი, ვაჟა). ბაბუაჩემი კარგ ღვინოს აყენებდა, როგორც იტყვიან, ავარგებდა. დღემდე მახსოვს იმ ღვინის გემო. დაყენების წესს მეც მასწავლიდა.


- იშვიათია, როცა კაცმა წინაპრების ამდენი თაობის შესახებ იცის.


- ჩვენი ისტორია 1798 წლიდან იწყება: ჩემი სახელისა და გვარის ადამიანი - გიორგი აგლაძე რუსეთ-საფრანგეთის მეორე კოალიციის ომში იბრძოდა, სადაც ტყვედ ჩავარდნილა. საინტერესო ისტორიაა, ვხუმრობ ხოლმე, ფილმის გადაღება შეიძლება-მეთქი. დაჭრილიც ყოფილა, თავი კი მეღვინეობით გადაურჩენია. რომ ჩამოვიდა, თურმე, ისევ მეღვინეობას მიჰყო ხელი. ჩვენი გვარი მესხეთიდან გახლავთ. მოგვიანებით რაჭაში ჩასახლებულან, მაგრამ თავიანთი კუთხის ტრადიციები შეუნარჩუნებიათ. მესხეთში ტერასული მევენახეობა იყო განვითარებული, რომელსაც ჩემი გვარის ყველა თაობის წარმომადგენელი მისდევდა. თითოეული საუცხოო ღვინოს აყენებდა. ღვინოს ჩვენც ისევე ვაყენებთ, როგორც ყველა, ოღონდ არის ნიუანსები, რომლებიც ჩვენს ღვინოს განასხვავებს. მთავარია დუღილის პროცესში კარგი მიხედვა, რომ ტკბილი არ დაგირჩეს... სწორად არის ნათქვამი: ცაში ღმერთია და მიწაზე მეღვინეები... მოკლედ, დიდი და რთული პროცესია და მეც ამ წესით ვავარგებ ღვინოს.


- რეცეპტს არ გაგვანდობთ?


- ეს საგვარეულო საიდუმლოა, რომლის გათქმა არ შეიძლება... როცა ბაბუა ვენახსა თუ მარანში მუშაობდა, მის ყურებას არაფერი სჯობდა. ქვევრი ჩემთვის განსაკუთრებული რამ იყო და ერთხელაც მის მიწაში ჩადებას შევესწარი. იმის მერე ყველა ქვევრის გახსნა მახსოვს. ეს ნამდვილი დღესასწაული გახლდათ. „დაგნესილ" თავს რომ მოხდიდა, მეგონა, რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო. იქ რაღაც სხვა სამყარო მეგულებოდა. ყველაფერი მაინტერესებდა და სულ თავს ვადექი, არ ვშორდებოდი. მერე იმ დალოცვილ სითხეს მოურევდა და კოპით (ორშიმოთი) ღვინოს ამოიღებდა. პირველი ჭიქა ჩემი იყო.

 

- ამის გამოა, ძირითად საქმესთან ერთად, მეღვინეობასაც რომ მისდევთ და მცირე საწარმოც გაქვთ?


- კიდევ ერთი მიზეზია: 1992 წელს პირველი ფული საქართველოდან საბერძნეთში გატანილი ღვინით ვიშოვე. მაშინ აღარც ბაბუა იყო ცოცხალი და აღარც - მამა. მარტო დავრჩი და ასეთი ნაბიჯი გადავდგი. მოგვიანებით ძველ, საგვარეულო ფრანგულ კონიაკზე გადავიღე ფილმი. შატოში ვცხოვრობდი და ბევრი სასარგებლო და საინტერესო ლექცია მოვისმინე, ჰენესების გვარის გამგრძელებელთანაც მქონდა ურთიერთობა, ღვინის წარმოებაზეც მეტად დავფიქრდი... ღვინო რომ დააყენო და ნამუსიანად გაყიდო, სამი წელიწადი მაინც უნდა. ჩემი გადაწყვეტილება ნელ-ნელა მწიფდებოდა. მგონია, რომ ქართველი კაცი შინაგანად მაინც მეღვინეა, თუმცა, მზად ვარ, დღევანდელ ღვინოზე, რაც მასობრივად იწარმოება, ნებისმიერ მეღვინესა თუ ღვინის ქარხნის დირექტორს ვეკამათო. იმ ბრენდებსაც კი, რომლებიც თავიანთი პროდუქციით თავს იწონებენ, ნამდვილად არ აქვთ თავი მოსაწონი.


ამბროსი აგლაძე - „ბაბუა წელს 100 წლის გახდებოდა და მისი ხსოვნის პატივსაცემად, მის სახელზე ღვინოც ჩამოვასხი"


- რატომ?


- არსებობს ღვინო და არსებობს რაღაც სითხე, ღვინოდ წოდებული, რომელიც, სამწუხაროდ, იყიდება. ფულის კეთება და ბიზნესი საინტერესოა, ისიც ფაქტია, რომ დიდ ქარხნებში, სადაც ასიათასობით ტონას ამუშავებენ, ნორმების დაცვა ძნელია, მაგრამ მერწმუნეთ, იქაც შეიძლება ნამდვილი ღვინის დაყენება. არიან მცირე მეწარმეები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე და ამას ახერხებენ კიდეც.

 

- როდის დაიწყეთ ღვინის დაყენება და ჩამოსხმა?


- სამი წელია, ჩემი ტექნოლოგიით ვასხამ ღვინოს, მაქვს მცირე წარმოება. ყურძენს იმ გლეხებისგან ვყიდულობ, ვისაც ძველი ვაზი აქვს და არც ყურძენს რწყავს. მიწას ანალიზს ვუკეთებ. ჰაერიც ტყვიით არ უნდა იყოს დამძიმებული, იმასაც მნიშვნელობა აქვს, ირგვლივ რა არის დათესილი, რა მოდის. მოკლედ, გარემოს საფუძვლიანად ვსწავლობ, ვამოწმებ. ამას მეტი დრო მოვანდომე, ვიდრე წარმოების გახსნას. ყურძენს ხრიოკი მიწა უყვარს.


- მაშ, გლეხი რატომ რწყავს?


- იმიტომ, რომ მტევანში წყალი ჩადგეს, დამძიმდეს და ძვირად გაყიდოს.


- რომელ რეგიონებში ეძებთ ყურძენს?


- ჯერჯერობით ქართლსა და კახეთში. ძალიან მაინტერესებს მესხეთის მხარე, სამწუხაროდ, ბევრი ჯიში დაკარგულია.



- თქვენ რომელ ჯიშებს არჩევთ?


- მაქვს რამდენიმე სახის საფერავი - ოცხანური, მესხური, კახეთის რეგიონიდან - წარაფი, რომელიც მხოლოდ კარდენახში მოდის, მაგრამ კარდენახშიც კარგი ვენახის პოვნაა საჭირო. ასევე მომწონს კახური მანავის მწვანე, ქართლის ატენური, გორული მწვანე, ჩინებული, რომელსაც ჩინურიც დაერქვა, თავკვერი...


- ახლა რა ეტაპზე ხართ?


- მარტის ბოლოს ჩამოსხმას ვაპირებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ღვინო შეზღუდული რაოდენობით ისხმება.

 

- რატომ?


- როცა ყურძენს ვყიდულობ და ვხედავ, რომ იმ რეგიონში მხოლოდ ნახევარი ჰექტარია ის ჯიში, როგორ შეიძლება, მომდევნო წელს შვიდი იმდენი მქონდეს? ე.ი. რაღაცას ვთაღლითობ, არა? ამიტომ არის ცოტა და ექსკლუზიური. თუმცა, ისეთი ღვინოც მაქვს, რომელიც იაფად მიდის, რადგან უფრო მეტია, მაგრამ მე მაინც იშვიათ ჯიშებს ვარჩევ. მინდა, ჩემი ქვეყნის სახელი უცხოეთში ისე გავიტანო, რომ თან არ ჩავიძირო.

 

- რა არის ეს ყველაფერი თქვენთვის?


- ღმერთი რომ სიყვარული იყო, ამას დიდი ხნის წინ მივხვდი. ერთხელ ბაბუაჩემს ვკითხე, ბაბუ, ღმერთი არსებობს-მეთქი? თან თვალებში ვუყურებდი. ჯერ უთქმელად გამიღიმა, მერე მიპასუხა, აბა, კარგად შემომხედეო და დადუმდა. ბაბუას თვალებიდან დიდი სიყვარულით ღმერთი მიყურებდა. უსიყვარულოდ ვერაფერს გააკეთებ...


სხვათა შორის, ბაბუა წელს 100 წლის გახდებოდა და მისი ხსოვნის პატივსაცემად, მის სახელზე ღვინოც ჩამოვასხი.




წყარო: kvirispalitra.ge, ლალი ფაცია


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016