საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, კინოთეატრ „რუსთაველის" წინ ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.
ცერემონიამდე, რეჟისორისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა, სადაც ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მისი ცნობილი კინოფილმებიდან. სუხიშვილების მონაწილეობით შესრულდა ცეკვა „ხორუმი", რის შემდეგაც ქართველმა პრიმა-ბალერინამ, ნინო ანანიაშვილმა დასთან ერთად ვარსკვლავის წინ საბალეტო ნომერი შეასრულა.
„ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა ამ საღამოზე, აქ დედაჩემის ვარსკვლავია და მის გვერდით რომ იქნება ჩემი ვარსკვლავი, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ყველას, ტელევიზიას, ბატონ ბიძინას, რომელიც მობრძანდა. სამწუხაროდ, მთავრობის წევრები არ იყვნენ, რაღაც სხდომა იყო, მაგრამ ამ ყველაფერს გადაიღებენ და ალბათ ყველა ნახავს ამ საღამოს. დიდი მადლობა ყველას", - განაცხადა ელდარ შენგელაიამ „ინტერპრესნიუსთან".
დღეს ელდარ შენგელაიას 83 წელი შეუსრულდა.