„ციფრული შემოქმედება: ტრანსფორმირებული კულტურა" - ამ სლოგანით აღინიშნება წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში.
„კამპანიის ფარგლებში საქპატენტი დღეს, 27 იანვარს (2016 წ.), მაიქროსოფთ-საქართველოსთან ერთად მართავს სამუშაო შეხვედრას ლიცენზირებული კომპიუტერული პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე.
პირველ სამუშაო შეხვედრას აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან, რომელთაც ლიცენზირებული პროდუქტის უპირატესობებს, საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით და ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად მიღებულ ზომებს, საქართველოში კომპიუტერული პროგრამების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს გააცნობენ.
საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმება შარშან გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაწესებულებები კომპანიის ლიცენზირებულ პროდუქციას გამოიყენებენ, რომლის მიზანია სამთავრობო უწყებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემათა უსაფრთხოების და მასშტაბირების ეფექტური უზრუნველყოფა", - ნათქვამია საქპატენტის ინფორმაციაში.