საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია აღნიშნავს, რომ ხვალ, გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მონაწილეობა სულ მცირე, ცინიზმია.
ამის შესახებ გამზარდია განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„ცინიზმს ვუწოდებდი იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, თუნდაც ხვალ, გარდაბანში... მაგრამ... დემოკრატიულ სახლმწიფოში ვცხოვრობ და ეს ცინიზმიც უნდა ავიტანოთ. იმედი მაქვს, რომ შესაბამისად მიიღებენ პასუხს ხალხისგან - ხმათა რაოდენობას ვგულისხმობ.. და ჰო... მაქსიმალურ სიფრთხილეს მოვუწოდებდი ხალხს, რადგან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მაქსიმალურ პროვოკაციებზე არიან წამსვლელები."- წერს გამზარდია.
ხვალ გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო "ქართული ოცნებიდან" გოჩა ჯამარაული.
ცესკოს ცნობით, ყველა საარჩევნო უბანი 28 იანვარს ამომრჩევლებისთვის დილის 8:00 სთ-ზე გაიხსნება, ხოლო კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება; რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge