„როგორც ჩანს, საქართველოში ყველა ერკვევა საგარეო ურთიერთობებში, დიპლომატიაში, ისევე როგორც ფეხბურთში", - ასეთი შეფასება გააკეთა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ ალექსანდრე ქანთარიას დღევანდელ მოსაზრებებზე.
„დავიწყოთ იმით, რამდენად კომპეტენტურია თავად ბატონი ნუკრი ქანთარია, ასეთი შეფასებები გააკეთოს. მე მის ინტელექტს, განათლებას არ ვეხები. საუბარია იმ სფეროზე, რომლესაც დიპლომატია და საგარეო ურთიერთობები ქვია",-აღნიშნა თედო ჯაფარიძემ სტრასბურგში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაც შეეხება საგარეო უწყების ხელმძღვანელ მიხეილ ჯანელიძეს, 2030.news-ის ჟურნალისტის ცნობით, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ჯანელიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს მმართველმა კოალიციამ, პარლამენტმა და მისი პროფესიონალიზმი, კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
„საქართველოში, როგორც ჩანს, ყველა ერკვევა საგარეო პოლიტიკაში, დიპლომატიაში, ისვე როგორც ფეხბურთში. მაგრამ საგარეო ურთიერთობები ფაქიზი სფეროა, განსაკუთრებით - ჩვენ ურთიერთობა, თუ ურთიერთობების არასებობა რუსეთთან",-აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა ლავროვთან, პუტინთანაც, მაგრამ დღეს მოლაპარაკებების გამართვა მის კომპეტენციაში არ შედის.
ამასთან, თედო ჯაფარიძის აზრით, ლავროვთან შეხვედრას მაშინ აქვს აზრი, თუ რეალურად არსებული პრობლემები მოგვარდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს სერგეი ლავროვთან შეხვედრისთის კომპეტენცია არ ეყოფა. მისივე აზრით, ამის კომპეტენცია თედო ჯაფარიძეს აქვს.
ქართველ კოლეგასთან შეხვედრისთვის მზადყოფნის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა.