„ხელისუფლებას არანაირი სურვილი არ გააჩნია, არჩევნები არადემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდეს", - ამის შესახებ საპარალემენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნებში ზეწოლასთან დაკავშირებით, აბსურდია.
„ჩვენი ოპონენტების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ზეწოლა ხდება წარმომადგენლებზე, რაღაც აბსურდული განცხადებებია. ჯერ ერთი, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, კონკრეტული ფაქტები უნდა მოიყვანონ, მეორე, არანაირი აუცილებლობა და სურვილი არ აქვს ამ ხელისუფლებას, ჩვენი წინამორბედებისგან განსხვავებით. უნდა შევქმნათ დემოკრატიული სახელმწიფო და არჩევნები არის ერთ-ერთი საფუძველი ამისა, მით უმეტეს, არც არანაირი აუცილებლობა არ არის ამის, ბევრი მომხრე ჰყავს ამ კონკრეტულ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოგლა ჟვანია საარჩევნო პროცესს #1 საარჩევნო უბანზე აკვირდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტივობა მაღალი არ არის, თუმცა საარჩევნო პროცესი #1 უბანზე მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.