პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის მიერ მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილის მონახულების ფაქტს „Facebook"-გვერდზე ეხმაურება.
„გუშინ არ მეცალა, მასხარადქცეული ელისაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოვხმაურებოდი... ღირს კი ?
უკვე ხომ ყველაფერი თავადვე აღიარა, რომ წამოიწყო წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი, ცილისმწამებლური კამპანია.
თავადვე გაიხლართა ამ სცენარში.
რამდენიმე მარტივი კითხვა:
1. რა სტატუსით შევიდა მოწმე ელისაშვილი მოწმე ზაუტაშვილთან?
2. რატომ საჯაროდ არ განაცხადა ამის თაობაზე?
3. რატომ შესთავაზა მისი სასურველი ადვოკატი პატიმარ ზაუტაშვილს, როდესაც მას ჰყავს უკვე ადვოკატი (ელისაშვილს არ მოსწონს ადვოკატის განცხადებები)?
4. რას და რატომ დაპირდა ელისაშვილი ზაუტაშვილს?
5. მოწმე (ამ ეტაპზე) მოწმეს სასურველი ადვოკატის აყვანას სთავაზობს საჯაროდ და არის თუ არა ეს ღია უკანონო ქმედება?
6. რა სტატუსით უნდა დაეხმაროს უკვე ყოფილი კომისიის თავ-რე მსჯავრდებულს? ძველი „მეგობრების" იმედად?
7. ახლა შეაწუხა „სინდისმა" იმ პატიმრების გამო, ვინც თავისი ცილისწამებით და ტყუილებით გაწირა?
ყველა ამ და სხვა კითხვაზე პასუხი ცნობილია! ეს ისე...
ფაქტია, უკვე იმდენად გაიხლართა საკუთარ ტყუილებში ეს ყველაფრის მკადრებელი „ბიჭი", რომ ასეთი ფატალური შეცდომა დაუშვა!" - წერს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი მოინახულა. ელისაშვილმა მას კვალიფიციური ადვოკატის კანდიდატურა შესთავაზა და მისი წამების საქმის გამოძიების დაჩქარებას დაჰპირდა.