იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც წულუკიანმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტრო ჰააგის პროკურორს დამატებით ინფორმაციას ერთი თვის ვადაში წარუდგენს.
მინისტრის თქმით, მისასალმებელია რომ გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე - 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე:
„მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმისთვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, როგორც მხარემ, რომელიც ითანამშრომლებს ჰააგის პროკურორთან, რომ ომს, რომელიც აგვიტოსში თავს დაეცა საქართველოს, ჰქონდა თავისი ძალიან სეროზული წინაპირობები. მივესალმებით იმ ფაქტსაც, რომ მთლიანად ეს საქმე ამ ნებართვის შედეგად მოექცევა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში. ეს იქნება სამართლებრივი პროცესი, რომლის განმავლობაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ჰააგის პროკურორთან, ისე როგორც დღემდე.
ამ გამოძიების ფარგლებში საქართველოს აქვს განზრახვა, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვიქმნის კარგ საფუძველს, აქტიურად ვითანამშრომლოთ, დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ ერთი თვის მანძილზე. ეს არის ვადა, რაც ჩვენ იუსტიციის სამინისტროს ქალბატონმა ბენსუდამ გუშინ მოგვცა, ისევე როგორც რუსეთის მხარეს, რომ მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია პროკურორს, რათა მან ეფექტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება შეძლოს", - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან.
„ჩვენ შევისწავლეთ ეს გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ მისი ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან.
კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნათქვამია არაერთხელ, რომ სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არის საქართველოს ნაწილი. ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ერთი მხრივ, რუსეთში და მეორე მხრივ, საქართველოში ჩატარდა. ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მოცემულია ყველაფერი ის, რაც ჩვენ, როგორც მხარემ, ქალბატონი ფატუ ბენსუდას თბილისში ვიზიტის დროს მასთან დავაყენეთ, როგორც საკითხები.
კერძოდ, როგორც მოველოდით, გადაწყვეტილებაში განსაკუთრებილი ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას და ჰააგის მოსამართლე ამბობს, რომ იმ ფაქტების მიხედვით, რაც ხელთაა ამ ეტაპზე, ომის დროს არსებობდა შემუშავებული მოდელი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდისა, რაც გულისხმობდა მათ განზრახ მკვლელობებს, ქართველების სახლების იდენტიფიცირებას ხშირად ადგილობრივი მიმთითებლების დახმარებით, რათა ეს სახლები ყოფილიყო განადგურებული მას მერე, რაც იქიდან მითვისებული იქნებოდა ნივთები და საქონელი.
როგორც ჰააგის მოსამართლე ამბობს, იმ ფაქტების მიხედვით, რაც მას დღეს აქვს, 8 ათასზე მეტი ქართველის სახლი არის დანგრეული, 100-ზე მეტი ქართველი არის განზრახ მოკლული და 20 ათასამდე დევნილი გახდა.
ჰააგის სასამართლოს მიერ ომის გამოძიების მიუხედავად, ჩვენს ოს დებთან და ძმებთან პარალელურად ნდობის აღდგენის პროცესი უნდა დავიწყოთ", - აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ამ გამოძიებამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს ისეთი ერთიანი ქვეყნის აშენებაში, სადაც მსგავსი ეთნიკური წმენდები აღარ მოხდება.
„ზოგადი და მნიშვნელოვანი კონტექსტი, რაც არის ცალსახად ამ გადაწყვეტილებაში, არის ის, რომ დიახ, სახეზე არის საერთაშორისო კონფლიქტი, დიახ, სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და რომ ჩვენ ერთად ჩვენს მთლიან ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ადამიანის უფლებების ამგვარი მასობრივი დარღვევები არ განმეორედეს არც გორში, არც ახალგორში, არც თბილისში და არც ცხინვალში. როდესაც ჩვენ ამ გამოძიებას დავასრულებთ, დადგინდება ჭეშმარტიება. მსხვერპლი, რომელიც არის რამდენიმე ათასი და ეს წერია გადაწყვეტილებაში, მიიღებენ იმას, რაც ეკუთვნით. ამ გამოძიების მიუხედავად, ჩვენ პარალელურად უნდა დავიწყოთ ჩვენს ოს დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენის პროცესი და ამ გამოძიებამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს იმაში, რომ ჩვენ ვაშენოთ ისეთი ერთიანი ქვეყანა, სადაც ასეთი შეტაკებები, ეთნიკური წმენდები აღარასდროს მომავალი თაობების დროს აღარ იქნება", - განაცხადა წულუკიანმა.