ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო ცენტრ „ლანცეტს" შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სამსახურის უფროსმა და კლინიკის გენერალურმა დირექტორმა.
შეთანხმების თანახმად, ვლადიმირ სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტალი „ლანცეტის" შენობაში გადადის. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა, ამიერიდან ვეტერანებს შეეძლებათ, სრულფასოვანი სამედიცინო სერვისები მიიღონ ბევრად უფრო კომფორტულ გარემოში შეღავათიანი პირობებით. ამასთან, როგორც ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, ვლადიმირ სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალი, რომელიც აქამდე მუშაობდა აღნიშნულ კლინიკაში, შეინარჩუნებს თავის პოზიციებს.
ვეტერანთა ჰოსპიტალი კლინიკა „ლანცეტის" შენობაში იფუნქციონირებს მანამ, სანამ არ აშენდება მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების მქონე სარეაბილიტაციო ცენტრი.