"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გარდაბანში კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგებს ავრცელებს. დაკვირვების შედეგები 20:30 საათის მონაცემების მიხედვით არის შედგენილი.
როგორც საის განცხადებაშია აღნიშნული, საღამოს 20:00 საათზე დასრულდა ხმის მიცემა და ამ დროისთვის საიას დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
„ინფორმაცია გარდაბნის #2 საარჩევნო უბანზე არეულობის თაობაზე: დაახლოებით საღამოს 19:20 - ზე მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გარდაბნის #2 საარჩევნო უბანზე არეულობა იყო. ამავე საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებელმა უარყო რაიმე სახის არეულობის ფაქტი კენჭისყრის შენობაში და განაცხადა, რომ უბანზე სრული სიმშვიდე იყო. მისი განცხადებით, მათ უბანზე ჰქონდათ ინფორმაცია დაპირისპირების ინციდენტის თაობაზე, რომელიც უბნის გარეთ, მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა და რომელსაც, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, გავლენა არ მოუხდენია საარჩევნო პროცესის კენჭისყრის შენობაში მშვიდობიანად წარმართვაზე.
საია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის პროვოკაციისგან, რათა მშვიდ ვითარებაში წარიმართოს ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი.
ამასთან, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ გარდაბნის #2 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროული და ეფექტური გამოძიება. ასევე, სამართალდამცავმა ორგანოებმა არჩევნებში ჩართული ყველა პირის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ. საარჩევნო კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი/ბრალეული შეუსრულებლობა - გარდაბნის ოლქის #64-ე უბანზე, სადაც ხმას აძლევენ სამხედრო მოსამსახურეები, დღის განმავლობაში ერთი და იმავე შინაარსის დარღვევა სამჯერ დაფიქსირდა. კერძოდ, საარჩევნო უბანზე მისულ სამხედრო მოსამსახურეებს მანუჩარ ხაბაძეს, ლევან სირაძეს და გიორგი კელაპტრიშვილს ამომრჩეველთა ერთიან სიებში საკუთარი გვარების გასწვრივ სხვა პირების მიერ გაკეთებული ხელმოწერები დახვდათ. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებები დაწერეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებმა, ასევე დამრღვევმა კომისიის წევრებმა-რეგისტრატორებმა. რეგისტრატორებმა ახსნა-განმარტება დაწერეს და განაცხადეს, რომ მათ ტექნიკური შეცდომა დაუშვეს. მათი განცხადებით, უბანზე მისულ ამომრჩევლებს შეცდომით სხვის გრაფებში მოაწერინეს ხელი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებლებმა შესაბამისი საჩივრები წარადგინეს საუბნო და საოლქო კომისიებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საიას ათამდე დამკვირვებელი კენჭისყრის დღის დაკვირვებას ახორციელებს როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდებოდა.
სამოქალაქო საარჩევნო უბნების გარდა, საია ასევე აკვირდებოდა კენჭისყრას ვაზიანში, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ #64-ე საარჩევნო უბანზე, სადაც მათი ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 692-მა ამომრჩეველმა, მათ შორის 685-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო".
წყარო: „interpressnews"