ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებში"ქართული ოცნების" კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ცესკოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 64 უბნიდან დათვლილია 37 უბნის მონაცემები. აქედან გოჩა ჯამარაულს ხმა მისცა 7771-მა ამომრჩეველმა (67.49%), ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ბესიკ კახაბრიშვილს ხმა მისცა 3743-მა ამომრჩეველმა (32.51%).
გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეს გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 33,13 % შეადგინა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საღამოს 8 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 23805 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 33,13 პროცენტს შეადგენს.
ცესკოს სატელეფონო საინფორმაცო ცენტრში შევიდა 38 ზარი, რომლებიც ძირითადად ამომრჩეველთა მიერ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავის გადამოწმებას ეხებოდა. "კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. თუმცა დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხასიათის ხარვეზები. რომელთა უმეტესობა დროულად აღმოიფხვრა. ამ დროისთვის, ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნებში დაიწერა 22 საჩივარი. მათი უმრავლესობა პროცედურულ საკითხებს შეეხება. ხოლო 1 საჩივარი შესულია საოლქო საარჩევნო კომისიაში", - განაცხადა ანა მიქელაძემ.
წყარო: „interpressnews"