საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, სრულიად ლოგიკური იქნება, რომ გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო სიის პირველ ნომრად და პარტიის ლიდერად დასახელდეს. ამის შესახებ ფოფხაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნა უკვე ნიშნავს, რომ ის არის კოალიციის ლიდერიც.
„საარჩევნო სიის ნომრებზე საუბარი ცოტა ნაადრევია, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილი უკვე არის ჩვენი კოალიციის ლიდერი იმით, რომ ის გახდა პრემიერ-მინისტრი. აბსოლუტურად ლოგიკური იქნება, რომ სამთავრობო პარტიის ლიდერადაც ის დასახელდეს. მოქმედი პრემიერი შეთავაზებული გვყავს საზოგადოებისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, როგორც ახალი მთავრობის პირველი პირი და ეს უკვე გარკვეული პოლიტიკური გზავნილია. დანარჩენი არის ფორმალური ნაწილი, რომელიც ყრილობის გადასაწყვეტია, კოალიციის პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია და ჩემი აზრით, სავსებით ლოგიკური იქნება, თუ ამ მიმართულებით წავა ყველაფერი და კვირიკაშვილს ვიხილავთ სიის პირველ ნომრად", - განაცხადა ფოფხაძემ.