მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, საქართველოში გასული წლისა და მათ შორის ბოლო ერთი თვის განმავლობაში შექმნილი სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო, რაც, მისი განმარტებით, რეგიონში - აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია:
„დეკემბერში აშშ-ის ფედერალურმა რეზერვებმა გაზარდეს საპროცენტო განაკვეთი. ახლა ეს საპროცენტო განაკვეთი აღარ გაზრდილა, შესაბამისად, ლარზე დამატებით დაწოლას არ მოველით. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ამ წუთის მდგომარეობით, „ბლუმბერგზე" ერთი დოლარის ვაჭრობა 2,46 ლარის კურსით ხდება. ასევე ვალუტის კურსი დაწეულია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებშიც. მინდა გითხრათ, რომ შიდამაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი და გაუარესებული. ისევე როგორც ბიუჯეტი და სახაზინო ოპერაციები არ ახდენს დაწოლას გაცვლით კურსზე", - განაცხადა ხადურმა.