ჯარისკაცების საქმეზე თავდაცვის მინისტრმა უწყების 6 თანამშორმელი გაათვისუფლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი გამოძიების დასრულებამდე ჩამოშორდნენ სამსახურს.
„თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან ის პირები, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ მისიას", - ამბობს ხიდაშელი.
მათი სახელები და გვარები თავდაცვის მინისტრს არ დაუსახელებია.
"ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რაიმე დადასტურდა თუ არა. ეს ინფორმაცია პირველად გასულ კვირას მივიღეთ. მანამდე მსგავსი არასოდეს, არც ერთ დოკუმენტში არ ყოფილა. ყველას გვაქვს ნანახი უამრავი სამადლობელი წერილი, შეფასების ანგარიშები, რომლებიც ქართული კონტინგენტის ცენტრალურ აფრიკაში საქმიანობას შეეხებოდა. გაეროდან ინფორმაცია გასულ კვირაში მივიღე და იმ დღესვე მივეცი ბრძანება სამხედრო პოლიციას გამოძიების დაწყებაზე. მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირები, რომლებიც 2014 წელს ამ თემებს კურირებდნენ, მათ შორის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, დროებით ჩამოვაშოროთ თანამდებობიდან.
პირველადი მონაცემებით მე შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ძალადობა, არაფერი სისხლის სამართლის დანაშაულთან ახლოს მყოფიც კი არ ჩანს, თუმცა არც ერთი მტკიცებულება, ჩვენება ან კონკრეტული დოკუმენტი გაეროს მხრიდან არ მიგვიღია. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ის პრესრელიზი, რომელიც გაერომ გამოაქვენა.
ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის სახელი და პრესტიჟი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აშენა ქართულმა ჯარმა და რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ, იყოს შენარჩუნებული. თუკი დადასტურდა, რომ ვინმემ ჩაიდინა რაიმე იმასთან მიახლოებული დანაშაულიც კი, რაზეც საუბარია პრესრელიზში, კანონის უმკაცრესი ზომებით დაისჯება სწორედ იმისთვის, რომ ერთი ადამიანის მსგავსი ქმედებით დანარჩენ შეიარაღებულ ძალებს ჩრდილი არ მიადგეს.
ის 160 ადამიანი, ვინც იმ კონტინგენტში იყო, ერთგვარად კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მათ მეგობრები, ოჯახები ჰყავთ და არ მინდა იმის დაშვება, რომ ვინმე ოდესმე გაბედავს, რომ ამ ადამიანებს რაიმეში კოლექტიურად დასდონ ბრალი. ამიტომ ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში გაირკვეს სიმართლე", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გაერო-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია, რომ ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველ სამხედროებს 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. დოკუმენტი 2014 წლის პერიოდს ეხება.
http://reportiori.ge/?menuid=4&id=87520