reportiori.ge - „ნერვებს ნუ მიშლით, თორემ საერთოდ აღარ დაგელაპარაკებით!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:50
პრეს-დაიჯესტი
„ნერვებს ნუ მიშლით, თორემ საერთოდ აღარ დაგელაპარაკებით!“
ავტორი:
29 იანვარი, 2016. 16:33


რისთვის მოსთხოვა 600 ათასი ივანიშვილს, რა უთხრა ნუგზარ ფოფხაძემ და რატომ დაება ენა თემურ ჭკუასელს.



...ჯერ მე გავაბრაზე, მერე მან გამაბრაზა, თუმცა ამ ორმხრივი გაბრაზების დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, რამეთუ, როგორც ბოლოს აღნიშნა, ბარი ბარში ვართ... ისე, თავს არც ვრცელი შესავლით შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. მაშ, ასე: „ღორის გრიპზე" ფიქრს მოეშვით და „ოცნებელი" მაჟორიტარის, ქვეყნის პირველი მოქალაქის, ესე იგი, ბიძინა ივანიშვილის მეგობრის, „ქართული ხმების" წევრის, ჟურნალისტისა და მწერლის, თემურ ჭკუასელის არაჩვეულებრივი ინტერვიუ წაიკითხეთ. ახლა, არ იკითხავთ, ეს „ღორის გრიპი" საიდანღა გამახსენდა? საიდან და, ვიდრე საუბარს დავიწყებდით, ბატონმა თემურმა რაღაც „შეისუნთქა". ცხადია, დავინტერესდი და ამომწურავი პასუხიც მივიღე, ასეთ რამეს, ძალიან დიდი ხნის წინ, ვიეტნამელები უშვებდნენ...


- ვაიმე, „ღორის გრიპი" გაქვთ?


- მგონი, არა! ჯერ ბურვაკის ან გოჭის დონეზეა... ისე, ამ მალამოს კარგი სურნელება აქვს, თორემ არაფერი მჭირს, ნორმალურად ვარ!


- მაშასადამე, არ გადამედება და მშვიდად ვიყო?


- დიახ, დამშვიდდით, თან აცრილი ვარ.


- აცრილი რაზე ხართ?


- ვირუსებზე.


- აცრა კარგია, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა - ვერ ხედავთ, ლარი სად გაფრინდა?!


- აცრა 25 ლარი ღირს ანუ ზუსტად იმდენივე, რამდენიც 3 წლის წინ ღირდა...


- მოკლედ, „ღორის გრიპის" საფრთხე არ გვემუქრება?


- საფრთხე ისეთი რამეა, შეიძლება, ნებისმიერი კუთხიდან გამოვარდეს - როგორც გურიაში იტყვიან, მარცხი ელანძეაო და არავინ იცის, რა გველოდება, მაგრამ უნდა გავუძლოთ...


- მეტი რა გზა გვაქვს... კაბინეტში რომ შემოვედი, რაღაცას კითხულობდით...


- ეს ჩემი წიგნია - „ზღვა იყო უფრო მშვიდი, ვიდრე ხმელეთი". ჰოდა, შემოდგომაზე საქართველოს ბევრი ემიგრანტი ეწვევა და მინდა, მათთვის ჩემი ძველი ნაწერებისგან კრებული გავაკეთო. ვეძებდი, ამ კრებულში რა შევიტანო და ამ დროს შემომისწარით.


- ბატონო თემურ, რა ამის პასუხია და, ჩემს 20-წლიან ჟურნალისტურ პრაქტიკაში, მგონი, პირველი რესპონდენტი ხართ, რომელმაც მითხრა, გამაბრაზეო. ჰოდა, ვიწყებ თქვენს გაბრაზებას: ამდენი ფული გაქვთ, კრებული გამოსცეთ?


- მეგობრები...


- ბიძინა?


- არა.


- აბა?


- ბიძინასა და ჩემს დამოკიდებულებაზე ერთი წინადადებით გეტყვით: ჩვენს ურთიერთობას ფულთან შეხება არ აქვს. იმით ვარ ცნობილი, რომ ერთი ლარიც არასოდეს მომითხოვია. პირიქით კი ყოფილა - ერთხელ, მაშინ პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, ბაკურიანიდან მოვდიოდით და ბიძინამ გადაწყვიტა, ავტობუსით „ქართულ ხმებთან" ერთად ემგზავრა. ეკაც ამოვიდა და ნაბოლარა ცოტნეც. გზაში ეკამ ხილის ყიდვა მოინდომა, მაგრამ ბიძინას ჯიბეში ფული, როგორც წესი, არ აქვს ხოლმე. ჰოდა, მე ვუყიდე - ორი ლარი გადავიხადე და ვიხუმრე კიდეც, ჩემს ხარჯზე სადამდე უნდა იყოთ-მეთქი.


- ამ ორ ლარს უკვალოდ არ ჩაუვლია - დეპუტატი გაგხადათ!


- ვთვლი, რომ დეპუტატობა დაფასება არაა, თან სურვილი არ მქონია.


- აბა, დეპუტატობა „ჩაგიდეს"?


- არა, მაგრამ ერთია სურვილის არქონა და მეორე - აუცილებლობა. გადაწყდა, რომ ჩოხატაურში დიდი შანსი მქონდა, გამემარჯვა. სხვათაშორის, დეპუტატობა ადრეც შემოუთავაზებიათ, მაგრამ არ დავთანხმდი.


- ადრე მიშამ შემოგთავაზათ?


- მიშას დროს, 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ოღონდ მიშამ კი არა, სხვა პარტიამ.

 

- ისე, წელს დეპუტატობას აღარავინ დაგაძალებთ - ვერ ხედავთ, ირაკლი კობახიძე მსახიობებს, მომღერლებსა და სპორტსმენებს როგორ გებრძვით?!


- კობახიძის განცხადება ჩემს თავზე არ მიმიღია და წყნარად ვარ, რადგან მომღერალი კი არა, უფრო ჟურნალისტი და მწერალი ვარ!

 

- შეიძლება, მაგრამ საზოგადოება მაინც მომღერლად გიცნობთ...


- ეს ჩემი კი არა, საზოგადოების ბრალია - ჩემს წიგნებს არ იცნობს.


- კობახიძის განცხადებამ, ალბათ, იმიტომაც არ აგაღელვათ, რომ დიდი „კრიშა" გყავთ - გამიგია, თუკი ივანიშვილთან კომუნიკაცია გინდა, თემურ ჭკუასელი დაგეხმარებაო...


- ეს მეც გამიგია, მაგრამ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, თუმცა ამ ლეგენდას, გარკვეულ მომენტებში, ხელს არ ვუშლი, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩოხატაურის რაიონისთვის რამის გაკეთება მინდა. კი გითხარით, დეპუტატობა არ მინდოდა-მეთქი - იმ ასაკში ვარ, რომ უფრო სიმშვიდე მინდა და აქტიური ცხოვრება მაინცდამაინც აღარ მომწონს, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან განვითარებული მაქვს და, რადგანაც ამ, როგორც იტყვიან, ორომტრიალში მოვხვდი, ვთვლი, რომ ბევრი უნდა გავაკეთო. ქართულ სინამდვილეში ასეა: მაჟორიტარი რაიონს უვლის, თორემ სინამდვილეში, დეპუტატის ფუნქცია კანონშემოქმედებითი მოღვაწეობაა, რაიონს კი თავისი თვითმმართველობა უნდა უვლიდეს. სწორედ ამისკენ მივდივართ და ძალიან მიხარია.


- წინსვლა კარგია, მაგრამ ჩემს კითხვას გვერდი ოსტატურად აუარეთ, ბატონო თემურ...


- გვერდს არაფერს ვუვლი, შემიძლია, თამამად გელაპარაკოთ. მითხარით, გვერდი რას ავუარე და აღარ ავუვლი.


- რას და, ბიძინას კარზე ერთგვარი „რუხი კარდინალი" რომ ხართ...


- კატეგორიულად, არა! ეს ორი მიზეზის გამოა გამორიცხული - პირველი, მისი ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია, რამე ვუთხრა და ჩემს ნათქვამზე გააკეთოს, მეორეც - ასევე გამორიცხულია, რაღაც ვუთხრა, ვთხოვო და ამით უხერხულობა შევუქმნა. ჩვენი მეგობრობა სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ მსგავს შეცდომებს არც მე ვუშვებ და რა თქმა უნდა, არც ის.


- მოდით, მიამბეთ, ივანიშვილი როდის, სად გაიცანით, როგორ დამეგობრდით?


- ერთმანეთი 1997 წელს გავიცანით...


- „ქართულ ხმებში" არაერთი ადამიანი იყო, მაგრამ განსაკუთრებით თქვენ დაგიმეგობრდათ, არა?


- ათნი ვიყავით...


- სხვათაშორის, ახლა გამახსენდა: 2005 თუ 2006 წელს, ივანიშვილი ე.წ. ამერიკულ სოფელს რომ ანგრევდა, მის მხარდამჭერ წერილებს თქვენ აქვეყნებდით, არა?


დიახ, ერთი წერილი დავწერე...


მოკლედ, „ქართული ხმებიდან"მილიარდერის ჯილა მაინცდამაინც თქვენ როგორ გახდით, ბატონო თემურ?


- ეს იყო 1997 წელს, ანსამბლის რამდენიმე წევრი - გივი ჭიჭინაძე, ზაურ ბოლქვაძე და დათო გოგიაშვილი - „თავგასა", ბოლო ორი, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარაა, ბიძინა ივანიშვილს თბილისში, სუფრაზე შეხვდნენ. მაშინ ამ ადამიანის სახელი და გვარი თითო-ოროლამ იცოდა.


- ჩაგეკითხებით ხოლმე: ამ დროს ივანიშვილი მოსკოვიდან უკვე გამოქცეული იყო?


- არა, კაცო, მოსკოვშია და ამიტომ, არაფერი ვიცით - ცოტა ხანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მერე ისევ მოსკოვში დაბრუნდა. ჰოდა, ზაფხულში, კონცერტი კანში გვქონდა, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ კი - გერმანიაში. ივანიშვილს ბინა სენ-ტროპეში აქვს.


- ამბობენ, რომ ეს ვილა ალენ დელონისგან იყიდა...


- არა... მოკლედ, კანში, კონცერტზე მოვიდა, რომელიც ეკლესიაში ჩავატარეთ, სადაც რამდენიმე დღით ადრე, ჯიპსი კინგმა იმღერა. კონცერტის მერე ერთმანეთს შევხვდით, მეუღლეც ახლდა, ვილაპარაკეთ...


- გითხრათ, მე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ვარო?


- (იღიმება) მილიარდერები ამას არ ამბობენ... ჰოდა, გაიგო, რომ ერთკვირიანი პაუზა გვქონდა და სენ-ტროპეში მიგვიწვია, ერთი კვირა გერმანიაში ყოფნას, აქ იყავითო, დარეკა და ორ სასტუმროში გავნაწილდით. ჩვენი ურთიერთობა ასე დაიწყო...


- თავის ვილაში რატომ არ გიმასპინძლათ?


- ამას არ აკეთებს ხოლმე.


- ეშინია, თვალი არ ეცეს?


- არა... მისთვის უმთავრესი პრინციპია, რომ ადამიანებმა თავი თავისუფლად იგრძნონ. სასტუმროში გაცილებით თავისუფლად ვიქნებოდით, ვიდრე ოჯახში.


- სულ დამავიწყდა - ის 9 საათზე იძინებს, თქვენ კი, ალბათ, გვიანობამდე იხმაურებდით...


- ყველა ამას ამბობს, იმას კი არავინ, რომელ საათზე დგება...


- როგორც მახსოვს, დილის ხუთ საათზე...


- დიახ... ნელ-ნელა ძალიან დავახლოვდით.


- „ძალიან დაახლოება" რას ნიშნავს? აი, მაგალითად, როგორც სხვა ძმაკაცს, შეგიძლიათ, მხარზე ხელი გადახვიოთ?


- აქ პრინციპებია. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი, ვისთანაც ისეთი ურთიერთობა არ მქონდეს, რასაც ახლა გეტყვით: თუ თამადა ვარ და ხმაურობს, ვეუბნები, ბიძინა, გაჩერდი-მეთქი და უნდა გაჩერდეს. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რახან დაინტერესდით, გეტყვით, თან ამაზე ლაპარაკიც გვქონია: ერთხელ მითხრა, ხანდახან მეჩვენება, მეგობრობასა და ურთიერთობას ხომ არ ვყიდულობო. ვუპასუხე, ბიძინა, ეს ერთი რამის გამო გამორიცხულია - შეიძლება, მადლიერება იყიდო, ანუ მთელი ცხოვრება მადლიერი ვიყო და შვილებსაც ვუთხრა, ბიჭებო, ამ ადამიანის მადლიერი უნდა იყოთ, მაგრამ მეგობრობის ყიდვა არ არსებობს, ვერავინ მაიძულებს, ადამიანის მეგობარი ვიყო. ამიტომაა, რომ სულ ჩუმად ვარ და არასოდეს გეუბნები, რამე მჭირდება. როცა ეს კომპლექსი მოიხსნება და შემეძლება, შენთანაც ისე თავისუფლად ვილაპარაკო, როგორც სხვებთან, მაშინ ჩვენს მეგობრობას მართლა არაფერი დაემუქრება-მეთქი. ამ ეტაპზე უკვე ჩვეულებრივად ვსაუბრობთ და მიხარია, რომ ასეა.


- ეს კომპლექსი რამ გადაგალახვინათ?


- წლებმა... პირველ პერიოდში მეუბნებოდა, ბიჭო, მერე რა ვქნათო და ვპასუხობდი, მაგიტომ არ გეუბნები, მაგის დედა ვატირე, უბრალოდ, წამომცდა-მეთქი. ასე რომ, ჩვენი ურთიერთობა უფრო სიღრმისეულია, ვიდრე გარედან ჩანს და ისეთი თემები, როგორიც თქვენ ბრძანეთ, „რუხი კარდინალი", ჩემთვის ისეთი ღიმილისმომგვრელია, მეტი არ შეიძლება.


- ბატონო თემურ, თავდაპირველად, არ გაგიჩნდათ განცდა, რომ ივანიშვილს საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა სჭირდებოდა და ამიტომ დაგიახლოვდათ? სხვათაშორის, ამბობენ, ცნობადი სახეების დახმარება მისი მხრიდან ერთგვარი ინდულგენცია იყო, მითუმეტეს, რიგით ადამიანებს არ ეხმარებოდაო, ანუ ინტელიგენციას ხომ არ ყიდულობდა?


- გასაგებია, რასაც ამბობთ, მაგრამ ასეთი კითხვები არასოდეს გამიჩნდება, რადგან ამ ადამიანს ძალიან კარგად ვიცნობ. მათ 99 პროცენტს, ვისაც ეხმარება, გარკვეულ მომენტამდე საერთოდ არ იცნობდა. ისიც არასწორია, რიგით ადამიანებს არ ეხმარებოდაო. თმა არ მაქვს, მაგრამ რომ გითხრათ, რას აკეთებს, თმა ყალყზე დაგიდგებათ...


- ისე, თმას რატომ არ ინერგავთ?


- (გულიანად იცინის) სხვათაშორის, საფრანგეთში შემომთავაზეს, რომ გადამენერგა. გამეცინა, ყველა ასე მიცნობს და თბილისში თმით რომ ჩავიდე, მთელი საქართველო ხომ გადამერია-მეთქი. ასე რომ, ეს საკითხი არ მაწუხებს...


ჰოდა, ერთხელ მითხრა, სიას გადახედე, ყველას არ ვიცნობ და შეიძლება, ბევრი ისეთია, ვინც დახმარების ღირსი არააო. გადავხედე, რამდენიმე უღირსი ადამიანი კი ვნახე, მაგრამ როგორ ვიკადრებდი, ჩავრეულიყავი.


- ვინ გაიგებდა, რომ ივანიშვილის დახმარების სიიდან თქვენ ამოიღეთ?


- მე ხომ გავიგებდი? სხვების დასანახად არაფერს ვაკეთებ. პატივი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ვცე და საკუთარი თავის არ უნდა შემრცხვეს... სხვათაშორის, ამ სიაში თამაზ ჩხენკელი, ალექსი ჭინჭარაული და ბესიკ ხარანაული არ იყვნენ და მე შევიყვანე... დავანებოთ თავი ბიძინა ივანიშვილს, სხვა რამეებზე ვილაპარაკოთ.


- სხვა რამესა და ვინმეზეც, რა თქმა უნდა, ვილაპარაკებთ...


- სხვათაშორის, ამერიკული სოფელი ახსენეთ და ერთი ცნობილი ფაქტია, შეიძლება, თქვენც იცით: თავის დროზე ბიძინამ 6 მილიონი შესთავაზა...


- მე ათი მახსოვს...


- ათი მოითხოვეს, მაგრამ ბიძინამ 6 შესთავაზა... საერთოდ, ბიძინას სტილია, რაც ღირს, ზუსტად ორმაგს სთავაზობს - ამერიკულ სოფელზე, აუდიტი ჩაატარა, 3 მილიონი იყო დახარჯული და ექვსი შესთავაზა... მოკლედ, ხალხი გამომიგზავნეს, 6 მილიონზე თანახმა ვართ და თუ ეს საქმე გამოვიდოდა, 10 პროცენტს გადამიხდიდნენ ანუ 600 ათასს. ხუმრობის საშუალება მომეცა, წავედი ბიძინასთან და ვუთხარი, 6 მილიონს რომ არ გადაუხდი, კარგად ვიცი, მაგრამ ჩემი 600 ათასი უნდა მომცე-მეთქი. მახსოვს, მაგრად იხალისა.


- იუმორი აქვს?


- რატომ გაიოცეთ?


- რა ვიცი, ჟურნალისტებს სულ გვეჩხუბება...


- ეს ცალკე თემაა. ჟურნალისტებს კი არა, ხანდახან ჟურნალისტების პოზიციას ეჩხუბება, თორემ თქვენთან საჩხუბი რა აქვს, არ გადამრიოთ?! მთავარი, ხომ იცით, რა მოხდა?


- რა?


- ამერიკული სოფელი დაინგრა, მაგრამ 6 მილიონი მაინც გაუგზავნა - სხვანაირად უცნაური კაცია...


- თქვენთვის ყველაზე ბევრი რამდენი უჩუქებია?


- არაფერი.


- „ვაფშე" არაფერი?


- არ გეუბნებით, რომ არ დამხმარებია... მაშინ დამეხმარა, როცა ჩემი მეუღლე ძალიან ცუდად იყო და ავსტრიაში წავიყვანე, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინე... ხარჯები ბიძინამ გადაიხადა...


- ბატონო თემურ, რამდენი წლის ხართ?


- 71-ის.


- არ მიწყინოთ და, ასაკთან შედარებით, ძალიან ახალგაზრდულად გაცვიათ...


- იქნებ, მითხრათ, 71 წლის ადამიანი როგორ იცვამს?


- უპირატესობას, ალბათ, უფრო შავს ანიჭებს... თქვენ კი თინეიჯერივით გამოიყურებით... არადა, როგორც მახსოვს, პარლამენტარებისთვის დრესკოდი არსებობს...


- ეგ მაშინ, როცა სხდომაა, დღეს კი რიგითი სამუშაო დღეა...


- ბევრს მუშაობთ?


- ეს საინტერესოა? - ვიდრე მოხვიდოდით, ექვსი შეხვედრა მქონდა, თქვენს შემდეგ ჟურნალისტი „რუსთავი 2"-დან მოდის.


- არ გამაგიჟოთ, „რუსთავი 2"-ს ელაპარაკებით?


- ისეთი საკითხია, რომელზეც საუბარი შეიძლება - კორსიკელებს ,,თბილისო" უმღერიათ.


- სიტყვამ მოიტანა და, სომხებმა ცეკვა ,,ქართული" სომხურ საქორწილო ცეკვად გამოაცხადეს. ამაზე ჩვენმა სახელმწიფომ პროტესტი არ უნდა გამოთქვას?


- აუცილებლად... საერთოდ, ეს მაგათთვის ჩვეულია და მსგავს სიტუაციასთან შეხება რამდენჯერმე მქონდა. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს, მოსკოვში, პროფკავშირების ყრილობაზე, რეპეტიციაზე სომხები „ხორუმს" უკრავდნენ. რეჟისორთან მივედი და ვუთხარი, ნებისმიერი სხვა მელოდია რომ დაეკრათ, შეიძლება, ხმა არ ამომეღო, მაგრამ „ხორუმი" წმინდა ქართული მოვლენაა და დედამიწის ზურგზე, საქართველოს გარდა, არსად უკრავენ-მეთქი. ჰოდა, ნომერი კონცერტიდან ამოიღეს. ამასწინათ, რუსეთის ერთ-ერთმა ტელევიზიამ მაგათ პლაგიატობას მთელი გადაცემა მიუძღვნა. სიგიჟემდე მისული სიტუაციაა, რომ ინგლისელები, თურმე, სომხებისგან არიან წარმოშობილნი...


- ერთხელ, ჯანსუღ ჩარკვიანმა იხუმრა, შოთა რუსთაველი სომეხი კი იყო, მაგრამ თავისი მშობლიური ენა ისე არ უყვარდა, რომ „ვეფხისტყაოსანი" ქართულად დაწერაო... ბატონო თემურ, მოკლედ, თქვენი ცხოვრება რაღაცნაირად ორ ადამიანს უკავშირდება. ერთზე უკვე ვისაუბრეთ, მეორე კი ნუგზარ ფოფხაძეა, რომელთანაც „ქართული ხმების" შექმნა ასოცირდება...


- აბა, რა გითხრათ?.. „ქართული ხმები" ნუგზარის კი არა, ჩემი და გოგი დოლიძის ინიციატივით შეიქმნა. გია ჭირაქაძემ, თამაზ ელიავამ, დათო აბესაძემ, მე, ზურა ლოლაძემ და გოგი დოლიძემ თავი ერთ რედაქციაში მოვიყარეთ. რეპეტიციები დავიწყეთ, ნუგზარმა ეს იდეა აიტაცა და ხელი ძალიან შეგვიწყო. ყველაფერი 1986 წელს დავიწყეთ, ახლა 30 წელი სრულდება და მინდა, ასეთი კონცერტი გავაკეთოთ - „30 წელი სცენაზე და ოთხი დაკარგული სიმღერა". სცენარში წელიწადის ოთხი დროა: გაზაფხული გოგი დოლიძე, ზაფხული დათო გოგიაშვილი, შემოდგომა გურამ თამაზაშვილი და ზამთარი ზაურ ბოლქვაძე, ანუ ზაური რომ წავიდა, ანსამბლში დაზამთრდა და ახლა ზამთარში ვართ. ამ კონცერტს, ალბათ, შემოდგომაზე გავაკეთებთ...


ნუგზარ ფოფხაძეს ჩემს ცხოვრებაში ორი გადამწყვეტი მომენტი უკავშირდება: ერთი, უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ძალიან დიდხანს არ ვმუშაობდი - ტყუილი განსაკუთრებით მეზიზღება.


- თუკი ასეა, აბა, „ოცნებაში" როგორ ხართ?


- ისეთ რამეს მეუბნებით, რომ საუბარი უნდა დავამთავროთ!


- რატომ?


- „ოცნებაში"იმიტომ ვარ, რომ იქ ბიძინა ივანიშვილია...


- ხომ წავიდა?


- კი არ წავიდა, არის, მაგრამ ვიდრე ბევრი რამ არ გაკეთდება... აი, ახლა, უსამართლობისგან ენა დამება...


- აი, ხომ გაგაბრაზეთ!..


- თვითონ თქვა, არსად მივდივარ, აქ ვარ საქართველოსთვისო. ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა, მანძილი სჭირდება, რომ შეაფასო! ხეოფსის პირამიდასთან მიხვალთ და ორი მეტრიდან აღიქვამთ? - უნდა მოსცილდეთ...


- ასეთი შედარება არ გინდათ, თემურ ბატონო...


- თქვენ შეგიძლიათ, არ დაბეჭდოთ, მაგრამ იმას ვამბობ, რაც მინდა, ვთქვა. რომ გავიგოთ, ამ ადამიანმა რა გააკეთა, დრო სჭირდება!.. ჩემს ქვეყანაში უსუსური ვიყავი და უსუსურობის განცდა ყველაზე ცუდია.


- ისევ უნდა ჩაგეკითხოთ: უსუსურობის განცდა პირველად როდის დაგეუფლათ?


- 2004 წლიდან.


- სხვათა შორის, 2004-დან თითქმის 2008 წლამდე თქვენი მეგობარი სააკაშვილის გვერდით იდგა...


- მაგაში გეთანხმებით, მაგრამ სააკაშვილის კი არა, საქართველოს გვერდით იდგა.


- არ ეუბნებოდით, ბიძინა, მიშასთან რა გინდაო?


- ამაზე ლაპარაკი 2007 წლის 7 ნოემბრის მერე მქონდა და მაშინ თვითონაც დარწმუნდა, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა.

 

- 7 ნოემბერს გირგვლიანის მკვლელობა უსწრებდა და მაშინ უნდა მიმხვდარიყო...


- გეთანხმებით... ხომ არ გეუბნებით, მართალი არ ხართ-მეთქი, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ შევარდნაძის პერიოდი როგორმე უნდა დამთავრებულიყო და იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა. ძალიან ბევრს დღემდე ჰგონია, რომ სააკაშვილი სასწაული ადამიანი და რეფორმატორია - აქვს უნარი, რომ ხალხი დაარწმუნოს და ბიძინა ივანიშვილსაც სჯეროდა. მე კი ყველაფერი თავიდანვე შინაგანად არ მომწონდა, მაგრამ მოსახდენი მოხდა, თორემ ისეთი რამეები ვიცი, მემუარები რომ დავწერო, ძალიან საინტერესო იქნება.


- ასეთი რა იცით?


- რა და, რა ხდებოდა შევარდნაძესთან, როგორ უნდოდა ბიძინას, მაგალითად, უშუქობის აღმოფხვრა.


- და შევარდნაძემ უარი უთხრა?


- შესთავაზა, მთელ დასავლეთ საქართველოს გავანათებო, მაგრამ თქვენ როგორ გგონიათ, შევარდნაძე უარს რატომ ეტყოდა?


- არ ვიცი...


- ბოლომდე იმის შიში ჰქონდა, პოლიტიკური ამბიციები არ გასჩენოდა.

 

- ამის შესახებ ივანიშვილისგან იცით?


- მე შეთავაზება ვიცი და ისიც, იმან რა უთხრა... საერთოდ, ძალიან ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა.


- ჟურნალისტი ვარ და უნდა გათქმევინოთ!


- კი, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც მას უნდა ჰკითხოთ, ვისაც ეხება.


- ბიძინა ივანიშვილს შემახვედრეთ და ვკითხავ!


- (გულიანად იცინის) ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. შეუთვალეთ და შეგხვდებათ.


- როგორ შევუთვალო?


- დაწერეთ, ბატონო ბიძინა, შეხვედრა მინდაო.


- რამდენჯერღა დავწერო?!.


- სხვა ჟურნალისტები როგორ ახერხებენ? აი, მაგალითად, ჩოხატაურში ვიდექით, მე და ბიძინა ვსაუბრობდით, მოვიდა ერთი ჟურნალისტი და უთხრა, ბატონო ბიძინა, თქვენთან შეხვედრა მინდაო და მეორე დღესვე დაიბარა.


- ჰოდა, აი, როცა დედოფლისწყაროში ჩამოვა, მივალ და მეც ვეტყვი, რომ შეხვედრა მინდა!


- დამთავრდა!


- ისე, ერთი დედოფლისწყაროელი კაცი გვყავდა მთავრობაში და ისიც გაგვიგდეთ!


- რატომ გაგიგდეთ? ირაკლი ძალიან მიყვარს... ბიძინა სულ ამბობს, ჩემს ახალგაზრდობას მაგონებსო და მასაც ძალიან უყვარს.


- მართლა თბილისის მერობას უპირებს?


- არ ვიცი, მე ხომ არ მეტყვის?


- მოკლედ, იმას მეუბნებოდით, ტყუილი რომ არ გიყვართ და უმუშევარი იყავით...


- 1979 წელი იყო... აუ, როდინდელი ამბავია... ჰოდა, ნუგზარ ფოფხაძემ ტელევიზიაში ხალხური შემოქმედების რედაქცია გახსნა, ამ რედაქციაში ტყუილი არ დამჭირდება-მეთქი და ვთხოვე, სამსახურში ავეყვანე. ოთხი წლის მერე რედაქციის მთავარი რედაქტორი გავხდი. იმ პერიოდში თუ პატრონი არ გყავდა, ასეთი რამ გამორიცხული იყო.


- ესე იგი, ფოფხაძემ გიპატრონათ?


- არა, ჩემმა თავმა - „ახალგაზრდა კომუნისტში" 8 სტატია დავბეჭდე, რომელსაც ასე ერქვა: „სეზამ, გაიღე". სტატიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. სიამაყით ვიყავი აღვსილი, რომ გაზეთების ჯიხურებთან რიგები იდგა... ნუგზარ ფოფხაძემ დამიბარა და მკითხა, შენს წერილებზე ჩემი აზრი არ გაინტერესებსო? როგორ არა-მეთქი. მოკლედ, ძალიან ძლიერია და ამ სიძლიერის გულისთვის მინდა, მთავარ რედაქტორად დაგნიშნოო. მთავარი რედაქტორობისთვის პარტიის წევრობა იყო საჭირო. უარი ვუთხარი, პარტიაში ვერ შევალ-მეთქი. მაშინ ნუგზარმა გენიალური ფრაზა მითხრა, რომელიც დღემდე მახსოვს: შენთვის რა არის მთავარი - ის საქმე აკეთო, რომელიც გიყვარს და პარტიის წევრი იყო თუ პარტიის წევრი არ იყო და შენი საქმე ვერ აკეთოო. დავფიქრდი. პარტიაში 40 წლამდე იღებდნენ, მე კი უკვე 41 წლის ვიყავი...


- რა სიმბოლურია - „ოცნების" ასაკში ყოფილხართ და მაშინაც თქვენი ბედი 41-ს გადაუწყვეტია!


- (იცინის) ამას არ დავკვირვებულვარ, თორემ 42-ს გეტყოდით...


- რა, „ოცნების" ასაკი ასე ცუდია?


- ვხუმრობ, ვხუმრობ... ჰოდა, პარტიაში შევედი, მაგრამ ცოტა ხანს ვიყავი - მალე 9 აპრილი მოხდა... ნუგზარ ფოფხაძე არაორდინარული პიროვნებაა - ტელევიზიაში მისი ხელმძღვანელობით მუშაობა ძალიან კარგი იყო, ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებდით...


- ... ბატონო თემურ, ოცნებები ხდება?


- ვერ ვხვდები, ამაში რას გულისხმობთ, მაგრამ „ოცნებაში" ერთი რამის გამო ვარ. მაგას როგორ გავბედავ, ვთქვა, ყველა, ვინც „ოცნებაშია", ასე ფიქრობს-მეთქი, ამბიცია ბევრს აწუხებს, მაგრამ შესაბამისი აზროვნება არ აქვს და აქ „ოცნება" არაფერ შუაშია, საქართველო ასეთებითაა სავსე...

 

- ვისაც აზროვნება არ აქვს, გაუშვით, პარტიაში რისთვის გყავთ? ისე, მაგალითად, გუგული მაღრაძის განცხადებები ძალიან ბევრს აღიზიანებს...


- გუგული მაღრაძე დეპუტატია და ვიდრე სადეპუტატო ვადას არ ამოწურავს, დეპუტატი იქნება.


- ანუ, 2016 წლის სიაში აღარ ვიხილავთ?


- მერე რა იქნება, ცოტა ხანი მოვიცადოთ... სიტუაცია დალაგდება...


- მაღრაძის განცხადებები თქვენც ხომ არ მოგწონთ?


- ადამიანებს სხვანაირად ვუყურებ. ჩემთვის მთავარია, რომ ადამიანს გული არ ატკინო... რაც შეეხება მომავალ პარლამენტს, ამაზე ხომ გარკვევით ითქვა, რომ 50 პროცენტზე მეტი, ვინც დღესაა, შეიძლება, პარლამენტში აღარ იყოს.


- ჭავჭავაძეების მარანში ივანიშვილმა ეკა ბესელიას მართლა უთხრა, კარგი გოგო ხარ, მაგრამ დეპუტატი აღარ იქნებიო?


- პრესაში აბსოლუტური სისულელეები წერია! ეკას ერთადერთი უთხრა, შეიძლება, ხანდახან რაღაცაში არ გეთანხმებოდე, მაგრამ ჭკვიანი და ძლიერი ხარო...


- ... „ოცნების" მეოთხე საუკეთესო წელია?


- არის სურვილები... აქ ამ სურვილების გამო ვარ, თორემ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ნაციონალების მხარდამჭერი ვყოფილიყავი - ნებისმიერ თანამდებობაზე შეიძლება, ძალიან ადვილად აღმოვჩენილიყავი, თან ყველა დღესასწაულზე მიშასგან მოსაწვევი მომდიოდა, მაგრამ ერთხელაც არ მივსულვარ. ერთი სიტყვით, ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც უბრწყინვალესი ადამიანია, თავში მხოლოდ ერთი რამე უტრიალებთ - ქვეყანა, თუმცა რაღაც-რაღაცები შეიძლება, ისე არ გამოგვდის...


- რაღაც-რაღაცები კი არა, ბევრი რამ არ გამოგდით - მაგალითად, ათ ლარად ორი „პაჩკა" სიგარეტიც ძლივსღა მოდის...


- ეგ სულ სხვა რამაა... იძულებული გამხადეთ, რომ ტრაბახი კი არ დავიწყო, სიმართლე გითხრათ: 2004 წლიდან მოყოლებული, ჩოხატაურში ღობე არ იყო შეღებილი.


- და ახლა ხალხმა შეღებილი ღობე ჭამოს?


- დამამთავრებინეთ, ჩემო კარგო, ნერვებს ნუ მიშლით, თორემ საერთოდ აღარ დაგელაპარაკებით! მომისმინეთ და მერე შემეკამათეთ! სამ წელიწადში, ჩოხატაურში ხილის გადასამუშავებელი უთანამედროვესი ფაბრიკა ავაშენეთ. იქვე თხილის ქარხანა და რაიონში ოთხი სკოლაც აშენდა. ჩოხატაურის ცენტრში კულტურის სახლის მშენებლობასაც ვამთავრებთ - ხალხი გადარეულია. ხელისუფლების წარმომადგენლები შევჭამე, გზები არ იწმინდებოდა და ერთი ,ბულდოზერი, გრეიდერი და ტრაქტორი ვიყიდე. მთელ ჩოხატაურში ასფალტი დაიგო, ორ სოფელში საოცარი გზა გაკეთდა და ახლა სურებისკენაც ვაკეთებთ. გარდა ამისა, უკვე 16-საათიანი წყალმომარაგებაა. სოფლებში სტადიონებსა და რაღაც-რაღაცებზე აღარაფერს ვამბობ. სოფელ ხიდისთავში იუსტიციის სახლი აშენდა და იქვე ბიბლიოთეკაცაა. კოხნარში მეორე იუსტიციის სახლიც შენდება. კითხვა მაქვს: ამას, ფიქრობთ, რომ ჩოხატაურელები ვერ ხედავენ?


- თუკი ჩოხატაურისთვის ამდენი კარგი საქმე გააკეთეთ, ეგებ, პრემიერად დაგნიშნოთ და მთელ ქვეყანას ეშველოს!


- გიორგი კვირკაშვილი ძალიან ძლიერი და მაგარია.


- ჰოდა, აქამდე დაგენიშნათ!


- ისე მეუბნებით, გეგონება, ბიძინა ივანიშვილს ელაპარაკებოდეთ.


- აკი, ივანიშვილი რიგითი მოქალაქეა და არაფერში ერევაო?


- მაინც ხომ აბრალებთ, მაგრამ ასეთ რაღაცებში მართლა არ ერევა...


- კვირიკაშვილის გაპრემიერება ვინ გადაწყვიტა?


- გგონიათ, კულისებში რა ხდებოდა და ირაკლი ღარიბაშვილი რატომ გადადგა, ვიცი? - არ ვიცი... როცა საგურამოში თამადა ვიყავი, ასეთი ფრაზა ვთქვი: იმ თანმიმდევრობით გადღეგრძელებთ, როგორი თანმიმდევრობითაც პრემიერები იყავით-მეთქი - ჯერ ბიძინა ივანიშვილი ვადღეგრძელე მეუღლესთან ერთად, მერე - ირაკლი და ბოლოს, გიორგი და დავძინე, აქ არის სამი ადამიანი, სამივეს ვაქებ და არც ერთ მათგანს სხვისი ქება არ შურს-მეთქი. შეგიძლიათ, ეს ფრაზა დაბეჭდოთ.


- ...ბატონო თემურ, ნატო თუ რუსეთი?


- რა თქმა უნდა, ნატო!


- აგაშენათ ღმერთმა! ბოლო კითხვა თქვენ დამისვით და მოვრჩეთ...


- მინდა, დიდი მადლობა გითხრათ, რომ კურიოზებზე არ მკითხეთ...



წყარო: versia.ge, ვანო პავლიაშვილი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016