„თქვენი ცხოვრება რაღაცნაირად ორ ადამიანს უკავშირდება. ერთზე უკვე ვისაუბრეთ, მეორე კი ნუგზარ ფოფხაძეა, რომელთანაც „ქართული ხმების" შექმნა ასოცირდება..." - გაზეთ „ვერსიას" მიერ დასმულ შეკითხვას დეპუტატი თემურ ჭკუასელი პასუხობს:
„ქართული ხმები" ნუგზარის კი არა, ჩემი და გოგი დოლიძის ინიციატივით შეიქმნა. გია ჭირაქაძემ, თამაზ ელიავამ, დათო აბესაძემ, მე, ზურა ლოლაძემ და გოგი დოლიძემ თავი ერთ რედაქციაში მოვიყარეთ. რეპეტიციები დავიწყეთ, ნუგზარმა ეს იდეა აიტაცა და ხელი ძალიან შეგვიწყო. ყველაფერი 1986 წელს დავიწყეთ, ახლა 30 წელი სრულდება და მინდა, ასეთი კონცერტი გავაკეთოთ - „30 წელი სცენაზე და ოთხი დაკარგული სიმღერა". სცენარში წელიწადის ოთხი დროა: გაზაფხული გოგი დოლიძე, ზაფხული დათო გოგიაშვილი, შემოდგომა გურამ თამაზაშვილი და ზამთარი ზაურ ბოლქვაძე, ანუ ზაური რომ წავიდა, ანსამბლში დაზამთრდა და ახლა ზამთარში ვართ. ამ კონცერტს, ალბათ, შემოდგომაზე გავაკეთებთ...
ნუგზარ ფოფხაძეს ჩემს ცხოვრებაში ორი გადამწყვეტი მომენტი უკავშირდება: ერთი, უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ძალიან დიდხანს არ ვმუშაობდი. 1979 წელი იყო... ნუგზარ ფოფხაძემ ტელევიზიაში ხალხური შემოქმედების რედაქცია გახსნა, ამ რედაქციაში ტყუილი არ დამჭირდება-მეთქი და ვთხოვე, სამსახურში ავეყვანე. ოთხი წლის მერე რედაქციის მთავარი რედაქტორი გავხდი. იმ პერიოდში თუ პატრონი არ გყავდა, ასეთი რამ გამორიცხული იყო.
„ახალგაზრდა კომუნისტში" 8 სტატია დავბეჭდე, რომელსაც ასე ერქვა: „სეზამ, გაიღე". სტატიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. სიამაყით ვიყავი აღვსილი, რომ გაზეთების ჯიხურებთან რიგები იდგა... ნუგზარ ფოფხაძემ დამიბარა და მკითხა, შენს წერილებზე ჩემი აზრი არ გაინტერესებსო? როგორ არა-მეთქი. მოკლედ, ძალიან ძლიერია და ამ სიძლიერის გულისთვის მინდა, მთავარ რედაქტორად დაგნიშნოო. მთავარი რედაქტორობისთვის პარტიის წევრობა იყო საჭირო. უარი ვუთხარი, პარტიაში ვერ შევალ-მეთქი. მაშინ ნუგზარმა გენიალური ფრაზა მითხრა, რომელიც დღემდე მახსოვს: შენთვის რა არის მთავარი - ის საქმე აკეთო, რომელიც გიყვარს და პარტიის წევრი იყო თუ პარტიის წევრი არ იყო და შენი საქმე ვერ აკეთოო. დავფიქრდი. პარტიაში 40 წლამდე იღებდნენ, მე კი უკვე 41 წლის ვიყავი..." - იხსენებს თემურ ჭკუასელი.
წყარო: „ვერსია"