reportiori.ge - გადაცემამ „გამომძიებელი რეპორტიორი“ ევროკავშირის პრიზი დაიმსახურა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:15
პრეს-დაიჯესტი
გადაცემამ „გამომძიებელი რეპორტიორი“ ევროკავშირის პრიზი დაიმსახურა
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 11:15


საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემამ ,,გამომძიებელი რეპორტიორი'', საუკეთესო ჟურნალისტური ტელე-რადიო გამოძიების ნომინაციაში ევროკავშირის პრიზი დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ორივე ავტორი - ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე, ტელესივრცეში ჟურნალისტურ საქმიანობას ბეჭდური მედიის მრავალწლიანი გამოცდილებით აგრძელებენ. ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში პირველად სწორედ ამ ჟურნალისტებმა დანერგეს და მათ გამოძიებებს უკვე არაერთი შედეგიც მოჰყოლია. ,,ვერსია'' პროექტის ავტორებს გაესაუბრა:


_ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ევროკავშირის მიერ გამოძიების საუკეთესოდ მიჩნევა და აღიარება პრესტიჟულია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომელსაც ჟურნალისტიკის ეს მიმართულება არასოდეს ჰქონია...


მაია გოგოლაძე:  ჩვენ, მე და ლია, 90-იანი წლების გამომძიებელი ჟურნალისტები ვართ. მაშინ სწორედ ჩვენი გამოძიებებით დაიწყო საინვესტიგაციო ჟურნალისტიკის ისტორია პოსტსაბჭოთა საქართველოში. შემდეგ ჩვენ თეორიული ცოდნით გავამდიდრეთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გამოცდილება _ მე გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ, ლია ჟურნალისტურ გამოძიებას ასწავლიდა „ილიაუნიში'' წლების განმავლობაში. ჩემი გამოცდილებით მეც შევუდექი პედაგოგიურ მუშაობას სტუდენტებთან. ერთი სიტყვით, ჟურნალისტური გამოძიება ჩვენთვის მთავარი და ძირფესვიანად შესწავლილი საქმეა. ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას საგამოძიებო ჟურნალისტიკაში საკუთარ თავსაც ვთხოვთ და ჩვენს სტუდენტებსაც ამას ვასწავლიდით. დღეს იგივეს ვითხოვთ თანამშრომლებისგანაც. მიხარია, რომ ევროკავშირმა, სწორედ, ეს მაღალი სტანდარტი შეაფასა შესაბამისად.


ლია ტოკლიკიშვილი: ტელესივრცეში მხოლოდ წელიწადნახევრის წინ შემოვედით საინვესტიგაციო ჟურნალისტიკის პროექტით. სათაურიდან დაწყებული, თემა, ინფორმაციის დამაჯერებლობის უზრუნველყოფა, ფაქტების გადამოწმება, დოკუმენტებზე მუშაობა, მივლინებები, სცენარი, ხმაც კი _ პირველ რამდენიმე ფილმში _ მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელი იყო. საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოცდილი კადრები ჰყავს ტექნიკაში, ისინი არ იშურებდნენ დროსა და ენერგიას, რომ ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ. მეორე არხის ხელმძღვანელს, დოდო შონავას, ამ პროექტის დედას ვეძახი, რადგან მისი იდეა იყო, გვეცადა ჟურნალისტური გამოძიება ტელეფორმატში. თავდაპირველად მართლა მხოლოდ მცდელობა იყო. პირველივე გამოძიება იმდენად ნორმალური გამოვიდა, რომ ეთერში გასვლისთანავე, მაღალი რეიტინგი ჰქონდა.


_ მაყურებელმა იცის, რომ თქვენი გადაცემები პროფესიულიცაა და რეიტინგულიც. ამ ფონზე, გასაკვირია, ეთერში რომ აღარ გადიხართ. თქვენი გადაცემის გაჩერება, სწორედ ,,საზმაუს'' ისტორიაზე გაკეთებულ გამოძიებას მოჰყვა. ვის შეეშინდა გაგრძელების?


ლია ტოკლიკიშვილი: რომ შეშინებოდათ, დარწმუნებული იყავით, არც იმას აჩვენებდნენ, რაც ნახეთ ,,საზმაუს'' ისტორიაზე. ტექნიკურად ჯგუფი აბსოლუტურად შეუიარაღებელია. არ გვაქვს ჯგუფის კუთვნილი კამერები, რეჟისორობას მონტაჟის არაჩვეულებრივი სპეციალისტი ითავსებს _ ლადო ჩადუნელი, რომლის რეჟისორობით გაკეთებულ ორ ფილმს, ორი საერთაშორისო აღიარება მოჰყვა. ლამის ერთი წელი, ერთი ჟურნალისტით ვმუშაობდით. სალომე სორდიას უნდა ჰკითხოთ, როგორი იყო ახალგათხოვილი გოგონასთვის ტელევიზიაში ღამეების თევა. შემდეგ ორი ჟურნალისტი შემოგვემატა, ძალიან ნიჭიერი თიკო ზვიადაძე და ასევე ნიჭიერი ნათია ბერსენაძე. გვყავს ტექნიკური პროდიუსერიც _ მაიკო აბაშიძე. და სულ ესენი ვართ. 23 გამოძიება აი ასე, თითქმის შიშველი ხელებით გავაკეთეთ. ,,საზმაუს'' ხელმძღვანელები ყოველთვის ხედავდნენ და სწორად აფასებდნენ ჩვენს თავდადებულ მუშაობას, მაგრამ დადგა დრო და დაისვა საკითხი _ უნდა გავძლიერდეთ! ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რა სჭირდება გამოძიებას მაუწყებელში გასაძლიერებლად. ალბათ, ჩვენი მოსაზრებით დაინტერესდებიან ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელები და გაითვალისწინებენ. ყველა ველოდებით, როგორ შეჯერდება აზრები.


მაია გოგოლაძე: ჩვენ არასდროს დავთმობთ მხოლოდ ძირეულ პრინციპებს _ თავისუფლებას, რომელიც ყოველთვის თავსდებოდა კორპორაციულ და ზოგად მედიურ ეთიკაში, არ დავთმობთ პროფესიონალიზმს, თუკი მისი უკანა პლანზე გადაწევა მოხდა. არ დავთმობთ იმ მიღწევებს, რომლებიც ,,საზმაუსთან'' ერთად მოვიპოვეთ ჩვენი და ტელევიზიის იმიჯის შესაქმნელად.


_ ანუ, ახალ ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ?


ლია ტოკლიკიშვილი: არავითარი დაძაბულობა არ არის. თუკი ასეთი რამ გაჩნდა, რა თქმა უნდა, მაუწყებლის შესახებ კანონი გვავალებს, საჯაროდ ვისაუბროთ და ასეც მოვიქცევით. ახლა მხოლოდ საქმეზე ვფიქრობთ ჩვენც და ტელევიზიის ხელმძღვანელებიც. ყველას მხოლოდ ის გვინდა, ,,გამომძიებელი რეპორტიორის'' მიერ მოპოვებული ნდობა და შედეგი გაასკეცდეს. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება და მაუწყებელში თავისუფლებისა და პროფესიონალიზმის აღმასვლა არ დასრულდება.




წყარო: versia.ge, რუსუდან ხავთასი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016