იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნული ლევან მურუსიძე მისი საქმიანობის საპროტესტოდ მართლმსაჯულების სახლთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მურუსიძემ გაუშვა გირგვლიანის მკვლელები, არ შეესაბამება სინამდვილეს და მზად არის ამ თემაზე დაინტერესებულ პირებთან ისაუბროს და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
„ბევრი რამ ითქვა ჩემთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მურუსიძემ გაუშვა გირგვლიანის მკვლელები, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს იყო სპეციალურად ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ვამბობდი და ვამბობ, რომ თუ საჭიროა, შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სისხლის სამართლის სპეციალისტებით და გავიაროთ ეს საკითხი. მე ვამბობ, რომ უზენაეს სასამართლოს არ შეეძლო მიეღო სხვა გადაწყვეტილება. ასევე წავიკითხოთ სტრასბურგის გადაწყვეტილება - თუ იქ სადმე წერია, რომ უზენაეს სასამართლოს შეეძლო სხვა გადაწყვეტილება მიეღო, მაშინ დავილაპარაკოთ.
მსგავსი ტიპის ჭორები ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურად ფუნქციონირებას", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს.