კონსტანტინე გამსახურდია 1992 წლის 2 თებერვალს, თამარ მეფის ხიდთან, მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეების წინააღმდეგ გახსნილ ცეცხლს იხსენებს:
„მოვიგონოთ 1992 წლის 2 თებერვალი - საშინელი ზამთრის ამ დღეს მათ, ვინც ხელი აღმართეს ქართულ სახელმწიფოზე, ვინც უამრავი თანამოძმის სისხლში დაიბანეს ხელები, ცეცხლი გაუხსნეს თამარის ხიდზე (და არა "ცირკთან") მრავალათასიან მშვიდობიან მანიფესტაციას. მისი მონაწილეები მოითხოვდნენ 1992 წლის 6 იანვარს იარაღით განდევნილი კანონიერი ხელისუფლების აღდგენას. სხვადასხვა მონაცემებით დაღუპულია 16 ადამიანი. დაჭრილია ამაზე გაცილებით მეტი. ეს ციფრი ბოლომდე დაზუსტებული დღემდე არ არის.
გასულ წელს ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე აღიძრა საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურაში, რათა გამოძიებულიყო ეს შემზარავი დანაშაული, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა გამოძიების კუთხით. რატომ არავინ ეკითხება თენგიზ სიგუას, რომელიც პერიოდულად აცხადებს პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში, ახლაც ზუსტად იგივეს მოვიმოქმედებდიო, ვინ გასცა ბრძანება მომიტინგეებისთვის ცეცხლის გახსნაზე?
ეს კადრები მოწმობს, რომ საქართველოს საზოგადოება და ხალხი არ შეგუებია მომხდარს. ისინი, ვინც ამ დღეს ვაგზლის მოედნიდან კანცელარიისკენ დაიძრნენ, ნამდვილად იმსახურებდნენ და ახლაც იმსახურებენ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას!
ამის დავიწყება არ ეგების!"- აღნიშნავს გამსახურდია.