სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2015 წლის 15 მარტიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით პროექტების დაფინანსება დაიწყო.
თუ რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ბიზნეს-იდეების დაფინანსება, ამაზე „რეპორტიორთან" მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია საუბრობს.
„პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა ორი მიმართულებით:
1 რეგიონებში ახალი ბიზნესის დაწყების და/ან არსებულის გაფართოება - გადიარაღების მსურველებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მიწოდება.
2 დაფინანსებული ბიზნეს პროექტების მდგრადობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, ტრენინგ სემინარებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით.
პროგრამა მოიცავს მთელს საქართველოს, გარდა თბილისისა. პროგრამის განხორციელების ეფექტიანობიდან გამომდინარე, ადგილობრივ დონეზე ადმინისტრირება ხდება სპეციალური კონკურსის წესით შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ახორციელებენ ბიზნეს იდეების შეფასებას და გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის, როგორც ტრენინგ/სემინარების, ასევე ინდივიდუალური კონსულტაციების მიწოდებას."- აცხადებს ანთია.
„პირველ ეტაპზე უნდა შეივსოს განაცხადის ფორმა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ და ასევე ბიზნეს იდეის აღწერას. აღნიშნული განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.qartuli.ge გარდა ამისა, პროცესების გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადის სტატუსს ადევნონ თვალყური დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. პროგრამის ფარგლებში, განაცხადების წარდგენა ხდება ორ რაუნდად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაფინანსების პირველ რაუნდში გამოვლენილი ბიზნესების დაფინანსება. განაცხადების მიღების მეორე რაუნდი გამოცხადდება 2016 წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება, როგორც მედიის ასევე www.qartuli.ge ვებ გვერდის საშუალებით."- აღნიშნავს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი „რეპორტიორთან" საუბარში.