იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" სიტყვით გამოსვლაზე განაცხადა, რომ ევროსტრუქტურები და მოსამართლეები არიან ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, უკან იხევს და პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იმსახურა მოსამართლედ, გაუქმდება.
მისი თქმით, ეს არის ერთადერთი საკითხი, სადაც ის უკან იხევს და მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.
„ვენეციის კომისიას, თქვენ, ევროპარლამენტს გაქვთ ერთი პოზიცია, მე მაქვს სხვა პოზიცია, ეს ეხება გამოსაცდელი პერიოდის გაუქმებას. მე არ მომწონს, გაუქმდეს პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იყო მოსამართლე და ავტომატურად გადაინიშნონ ხელახლა მოსამართლეებად. მაგრამ ჩემი ეს პოზიცია არ მოგწონთ თქვენ, ვენეციის კომისიას და სულ ახლახან ევროპარლამენტმა თქვა, რომ არ არის სწორი. გამოდის, რომ ევროსტრუქტურები და თქვენ ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე ვიხევ უკან ამ ერთ ნაწილში, ვუჯერებ ევროპარლამენტს, ვენეციის კომისიას, მაგრამ სხვა ნაწილებში რეფორმა უნდა განხორციელდეს.
პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იმსახურა, გაუქმდება. თუმცა, საქმეთა ელექტრონული განაწილება შემოვა. ასევე სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის შემუშავებული იქნება სისტემა, რომელიც მათ პოზიციაზე დანიშვნას კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის. ასევე ინდივიდუალური მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. აქ უკან დახევა არც ერთი ნაბიჯით არ იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იგი დაინტერესდა მოსამართლეების აზრით, მიჰყვებიან თუ არა ისინი იუსტიციის სამინისტროს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის განხორციელებაში.
„თუკი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას მხარს არ უჭერთ, ჩვენ ამ რეფორმას მაინც გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ ასე სჯობს მომავლისთვის.
რეფორმის მესამე ტალღა ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს და გახდეს კანონი. უკან ნაბიჯი და ამ რეფორმის გატანა პარლამენტიდან არ მოხდება, ამიტომაც მაინტერესებს, რას ფიქრობთ რეფორმით გათვალისწინებულ საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპებთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ მოსამართლეთა შერჩევის წესები, გავაძლიეროთ ინდივიდუალური მოსამართლეები ისე, რომ სასამართლოები არ იყოს მართული სამინისტროებივით, რადგან სასამართლო ვერ იქნება ერთი კაცის მიერ მართული, სამინისტროსავით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, წარსულ საქმეებთან დაკავშირებით მას აქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომელსაც არ შეიცვლის, თუმცა იუსტიციის სამინისტროს, როგორც სასამართლო ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ერთად იარონ მომავლისკენ.
„მომავალში მე არ მინდა განმეორდეს მსგავსი საქმეები. არ მინდა, მინისტრის ცვლილებით ისევ მოხვდეთ ისეთ სიტუაციაში, როცა არ იქნებით დამოუკიდებელი. ჩვენ გვჭირდება არა კარგი მინისტრი, რომელიც არ გააკონტროლებს სასამართლოს, არამედ ინსტიტუციურად გამყარებული მოსამართლე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.