ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით, გრიპით დაავადებისა და ექიმთან მიმართვიანობის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.
„დაავადებების და მიმართვიანობის ზრდის ტემპი, საბედნიეროდ, საგრძნობლად არის შემცირებული, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალბათ, უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვექნება გარდატეხა და მნიშვნელოვანი შემცირებისკენ წავალთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება სიფრთხილისა და პროფილაქტიკის ზომებს, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სკოლებისთვის მიცემულ რეკომენდაციებს განათლების სამინისტრო ასრულებს, რაც 20%-ზე მეტი გაცდენების შემთხვევაში, სამი დღით სასწავლო პროცესის შეჩერებას გულისხმობს.
დავით სერგეენკოს თქმით, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა ტრაგედიაა, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოში H1N1-ის ვირუსით ამ სეზონზე შვიდი, ხოლო H3N2 გრიპის ვირუსით ერთი ადამიანია გარდაცვლილი.