გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. აქამდე ის ტელეკომპანიის წილების 25 %-ს ფლობდა, ახლა კი 55 %-ის მფლობელია. როგორც „რეპორტიორს" გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განუცხადა, საკონტროლო პაკეტის შეძენის მთავარი მიზანი იყო, რომ ტელეკომპანია გაკოტრებისგან ყოფილიყო დაცული.
„ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით „მაესტროს" გაკოტრებას. ამის სურვილი ჰქონდა კოტე გოგელიას. ამასთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძემ საჯარო განცხადებაც გააკეთა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რომ გაკოტრებისგან დაეცვა „მაესტრო". მას ამ ტელეკომპანიაში დიდი შრომა აქვს ჩადებული. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შევისყიდეთ საკონტროლო პაკეტი, იყო ის, რომ ტელეკომპანია გაკოტრებისგან დაგვეცვა. მიგვაჩნია, რომ გაკოტრების პროცესი ხელოვნურია, მიზანმიმართულია და არ არსებობს მისი გაკოტრების საფუძველი. სარჩელი სასამართლოში ბაია გადაბაძემ შეიტანა გოგელიას დავალებით. იმ შემთხევავაში, თუ ბაია გადაბაძე არ გამოიტანს სარჩელს, იძულებული ვიქნებით, შევცვალოთ დირექტორი", - განაცხადა კორძახიამ.