დღეის მდგომარეობით, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 245 შემთხვევა ფიქსირდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის გავრცელების ინტენსივობა 100 000 მოსახლეზე 357-ს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის 255 შემთხვევა, მათ შორის, 245 - H1N1-ით, ხოლო 10 - H3N2-ით არის გამოწვეული.
ლეტალურად დასრულდა 8 შემთხვევა. ამირან გამყრელიძე ყველა მათგანს თანმდევ დაავადებასა და ექიმთან დაგვიანებით მისვლას უკავშირებს.
„გუშინ შეჯამდა იანვრის მეოთხე კვირის მონაცემები. მესამე კვირასთან შედარებით, გრიპით ავადობის ზრდის ტენდენციის შემცირება გვაქვს. თუ მეორე კვირიდან მესამე კვირაში 100 000 მოსახლეზე გვქონდა ნახტომისებური ზრდა, 90 ერთეულით, 248-დან 332-მდე, მეოთხე კვირაში 332-დან მხოლოდ 25 ერთეულით, 357-მდე გაიზარდა. ზრდის ტენდენცია შემცირებულია, იგივე ტენდენცია გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძე მოსახლეობას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს და გრიპის პირველივე სიმპტომების დაწყებისთანავე, სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვას ურჩევს.
ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს სხვა ქვეყნების სიტუაციური კონტროლის ანალიზი წარუდგინა და განაცხადა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოსთან შედარებით, მდგომარეობა საგრძნობლად უარესია.
„ამ მხრივ, რეგიონში შეიძლება ვთქვათ, რომ დამშვიდებულად გამოვიყურებით, თუმცა გრიპის სეზონი გრძელდება, თებერვლის პირველ კვირაშიც, ალბათ ზომიერი მატება გვექნება, მაგრამ, ვფიქრობთ, არ გადავაჭარბებთ ეპიდემიურ ზღურბლს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.