„მაესტროს" 55-პროცენტიანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ჯერ საკადრო ცვლილებებზე არ ფიქრობს, თუმცა, მოგვიანებით სულ სხვა ფორმატის ტელევიზიის გაკეთება უნდა.
„ფინანსურ საკითხში გვეხმარება ირაკლი რუხაძე, ერთად გვინდა გავაკეთოთ რაიმე ახალი და საინტერესო. უახლოეს მომავალში შევალთ უკვე „მაესტროში". პირველ ეტაპზე დირექტორის ამბავი უნდა გადაწყდეს. ბაია გადაბაძესთან ერთად მე ძალიან ბევრი საინტერესო დრო მაქვს გამოვლილი, ყველასთან ერთად, ვინც დღეს „მაესტროშია". მათთან ერთად მინდა ამ ახალი პროექტის კეთება. ბაია დირექტორი იქნება, თუ დირექტორის მოადგილე, მე არანაირად არ ვაპირებ ბაიას გაშვებას, მინდა, რომ იყოს ჩემთან ერთად და ერთად ვაკეთოთ ის საქმე, რაც აქამდე გვიკეთებია",- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, ებრალიძისა და ჩიკვაიძის გარდა, სხვა მეწილეებთანაც განაგრძობს მოლაპარაკებებს, მათ შორის - მაკა ასათიანთან.
„ეს „მაესტრო", რომელიც დღეს მაუწყებლობს, არ არის ის ტელევიზია, რომელიც ჩვენ შევქმენით და, რომელიც იყო ჩვენი სიამაყე. ის წავიდა სხვა გზით, არ ვეთანხმებით მენეჯმენტს, როგორ იმართება ეს ტელევიზია, კონცეფციას არ ვეთანხმებით. არ გვინდა, რომ ტელევიზია ჩაეფლოს ვალებში და გაკოტრდეს. ძალიან ბევრი მიზეზია, რის გამოც ჩვენ, ადამიანებმა, ვისაც ეს ტელევიზია გვიყვარდა, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეთმო",- განაცხადა „მაესტროს" ყოფილმა მეწილემ გიორგი ებრალიძემ.
მისი თქმით, არაერთხელ მიმართა კოტე გოგელიას არსებული პრობლემების თაობაზე, თუმცა გოგელიასგან არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია.
„მაესტროს" წილების 55 %-ს გია გაჩეჩილაძე ფლობს. რაც შეეხება სხვა მეწილეებს, აქტივების 15 %-ის მესაკუთრე მამუკა ღლონტი, 5 %-ის ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25 %-ის კი - მაკა ასათიანია.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა „მაესტროს" დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადება, სადაც ის აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს.