ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გადაბაძემ ტელეკომპანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გადაბაძემ აღნიშნა, ის პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩება "მაესტროში" და გააგრძელებს მუშაობას ტელეკომპანიაში.
„ტელეკომპანია „მაესტროს" მეწილეების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარატორები, დღეს აღმოჩდნენ უმცირესობაში. ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველო გახდა ტელეკომპანია „იმედის" არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბუნებრივია არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
კომპანია, რომელსაც გააჩნია 50 მილიონიანი ვალი, ფინანსური თვალსაზრისით, არ შეიძლება იყოს მიმზიდველი. ერთადერთი მიმზიდველობა, რაც შეიძლება ჰქონდეს ტელეკომპანია „მაესტროს", ეს შეიძლება იყოს მისი პოლიტიკური მიმზიდველობა, რაც მენეჯმენტის და სარედაქციო დამოუკიდებლობის წყალობით მას გამოარჩევდა ქართულ ბაზარზე. მე თითქმის სამი წელია „მაესტროს" დირექტორი ვარ, თუმცა გაცილებით დიდი ხანია რაც ამ არხზე ვმუშაობ. ჩვენ ყოველთვის გვაერთიანდებდა საერთო ღირებულებები და ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულები იყვნენ. დღეს კი ვითარება იმგვარია, რომ ზოგიერთისთვის ღირებულებებს ჰქონია სრულიად კონკრეტული ფასი. წილის გამყიდველების, ბატონების ებრალიძის და ჩიკვაიძის 1%, წილი არის მინუს 460 000 ლარი დაახლოებით. მათ არც შემოქმედებით და არც ფინანსურ ნაწილში არასოდეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. ფინანსურად მხოლოდ ერთი დამფუძნებელი იღებდა მონაწილეობას, ეს იყო მაკა ასათიანი. ისინი ხელფასს იღებდნენ წლების განმავლობაში და მაშინ როდესაც სრულიად გაურკვეველი იყო მათი სამსახურეობრივი პოზიციები და ფუნქციები. სამი წელია „მაესტროს" დირექტორი ვარ და სამჯერ არ მინახავს გიორგი ებრალიძე და არც თავისი უკმაყოფილების შესახებ გამოუთქვამს აზრი. ის ამბობს, რომ მის სახელს არ უნდა უკავშირდებოდეს დღევანდელი „მაესტრო"და ეს მართლაც ასეც არის, მის სახელს არაფერი უკავშირდება ამ ტელევიზიაში, რომელშიც ჩემი მენეჯმენტის ქვეშ ჩაიდო რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია, განახლდა ტელევიზიის შეფუთვა, სატლევიზოო სტუდიები, შეიქმნა ახალი ფორმატები და სხვა", - განაცხადა გადაბაძემ.
არხის გენერალური დირექტორის თქმით, პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში ის ტელეკომპანიაში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს.
"განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შესაძლებელია იყოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის გამოც მე არ ვაპირებ ტელეკომპანია „მაესტროში" მუშაობას ამ პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში. მე ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას და მანამდე ვასრულებ ჩემს უფლება-მოვალებას", - განაცხადა გადაბაძემ.