ფონდი "ქართუსთვის" 2016 წელს პრიორიტეტული კვლავ სპორტისა და კულტურის დაფინანსება იქნება, - ამის შესახებ "აიპრესთან" საუბრისას ფონდის დირექტორმა, ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა.
ნიკო ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ "ქართუ" ჯგუფი აქტიურად ეხმარება სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციებს.
"ჩვენს პრიორიტეტებში, რა თქმა უნდა, არის კულტურისა და სპორტის დაფინანსება. სპორტის ნაწილში ასევე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ ძალიან ბევრ ფედერაციას ვეხმარებით. გარდა ამისა ვაგრძელებთ რაგბის დაფინანსების პროგრამას", - აღნიშნა ნიკო ჩხეტიანმა
ცნობილია, რომ "ქართუ" ჯგუფი ყველაზე აქტიურად რაგბის აფინანსებს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების რაგბის რამდენიმე ბაზა და სტადიონი აშენდა.
როგორც ჩვენთან საუბრისას ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში 65-70 მილიონია რაგბისთვის გაღებული. ჩხეტიანმა ასევე აღნიშნა, რომ "ქართუ" ჯგუფისთვის რაგბის დაფინანსება კვლავაც პრიორიტეტულია და მომავალშიც განაგრძობს ამ სპორტის სახეობის დაფინანსებას.
"მოგეხსენებათ რაგბს რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ გააჩნდა არცერთი სტადიონი, მაგრამ ჩვენ შემდეგ დავიწყეთ რაგბის მხარდამჭერი დაახლოებით 50 მილიონიანი პროგრამა. დაახლოებით 50 მილონამდეა თანხა რომელიც დაიხარჯა სტადიონების მშენებლობაში, გარდა ამისა 15-18 მილიონი არის ამ წლების განმავლობაში ნაკრებისგან სხვადასხვა აქტოვობების მხარდაჭერა. ყოველწლიურად საქართველოს რაგბის ნაკრები იღებს დახმარებას ჩვენგან დაახლოებით ორი მილიონის მოცულობით. ჯამში 65-70 მილონამდე ადის, რაც უკვე გაწეულია მხოლოდ რაგბის მიმართებაში", - განაცხადა ჩხეტიანმა.