საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოცდაზე გასული ადამიანები, რომლებზეც ეჭვები არსებობს, იქამდე ვერ მოხვდებიან სასამართლო სისტემაში, სანამ არ გაირკვევა საგამოცდო ტესტის შესახებ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის საკითხი. მისი თქმით, იუსტიცის უმაღლესი საბჭო აწარმოებს მოკვლევას, სწავლობს ტესტირების ყველა შედეგს და თუ რა დასკვნას დადებს, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
„ის კონკურსანტები, რომლებიც გამოცდაზე გავიდნენ, არიან ათეულობით, ამას სჭირდება შემოწმება. სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, სასამართლო სისტემაში ვერ მოხვდებიან. ვზრუნავთ, რომ რაც არის ეჭვის საფუძვლი, არ მოხვდეს სასამართლოს სისტემაში. საბჭო დიდი ხანია ამ თემაზე მუშაობს, არავინ არაფრის დამალვას არ აპირებს. თუ რაიმე მასალები გამოიკვეთება, საბჭო პროკურატურაში გადააგზავნის და ასევე გადაიხედება ტესტირების შედეგები", - განაცხადა მურუსიძემ.
ჟურნალისტებმა შეკითხვა დასვეს ტესტირებაში მონაწილე ირინა ხერხეულიძესთან დაკავშირებით, რომელმაც 100 ქულა მოაგროვა და რომლის სადოქტორო ნამუშევრის ხელმძღვანელია ნინო გვენეტაძე. კითხვაზე, ამ მიმართულებით ძლიერდება თუ არა ეჭვები, მურუსიძემ განაცხადა, რომ ეჭვები შეიძლება გაძლიერდეს, შეიძლება - არა.
„ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. როდესაც საბჭო დაადგენს და თუ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, არავინ არავისზე ხელის დაფარებას არ აპირებს. ის ადამიანები, რომლებმაც ტესტირება ჩააბარეს, არც ერთ კონკურსში არ იღებენ ამ დროისთვის მონაწილეობას, რადგან ისინი ჯერ უნდა ჩაირიცხონ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და გაიარონ რამდენიმეთვიანი კურსი", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გასაუბრება მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეებთან. აღნიშნული კონკურსი მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ფარგლებში მიმდინარეობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ დღის წესრიგში ტესტირების შესაძლო გაჟონვის საკითხი არ დგას.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ ამ კონკურსში მონაწილეობას იღებენ მოქმედი მოსამართლეები. ის პირები, რომლებმაც ბოლო ტესტირება გაიარეს, მონაწილეობას არ იღებენ, ვინაიდან ისინი მოქმედი მოსამართლეები არ არიან.