„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე რელიგიური გრძნონების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანონპროექტის ძირითადი პრობლემაა, თუ როგორ განისაზღვრება - რა არის რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა. როგორც ტომარაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული საკითხი სასამართლოს პრეროგატივა გახდება.
„ძირითადი პრობლემაა, თუ ვინ განსაზღვრავს, რა არის რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის მიყენება. ეს გახდა სასამართლოს პრეროგატივა. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არავის შეეზღუდება. ნებისმიერი პირი, რომელიც იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად, მიმართავს სასამართლოს და სასამართლო განსაზღვრავს ამას", - აღნიშნა ტომარაძემ.
ტომარაძის განმარტებით, კანონპროექტი სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას არავის შეუზღუდავს.
„მე თავად არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შემეზღუდება სიტყვის თავისუფლება.
კანონპროექტის დაწერა განაპირობა მიზანმიმართულმა შეტევამ როგორც მართლმადიდებლების მიმართ, ისე სხვა რელიგიის აღმსარებლების მიმართ. ათეულობით გვერდია სოციალურ ქსელში შექმნილი, რომელიც პირდაპირ ახორციელებს ამა თუ იმ რელიგიის დისკრედიტაციას", - განაცხადა ტომარაძემ.