საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პოლიტიკაში ჩართვა მისი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჟვანიას მკვლელობის საქმე გაიხსნება და სიმართლე გაირკვევა, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება.
„ბოლო 11 წელია იმ ცხოვრებით ვცხოვრობ, რომელიც არ მომწონს.
ზურას საფრთხის განცდა სულ ჰქონდა... სულ მქონდა შიში, რომ ზურას მოკლავდნენ. ზურას სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, დედაჩემს იქით ვამშვიდებდი, ახლა სჭირდებათ და ვინ მოკლავს-მეთქი, მაგრამ დედა პირდაპირ ამბობდა, მოკლავენო. ცოტა ხნით ადრე კი ერთი ჩემი მეგობარი მოვიდა, რომელიც ერთ-ერთ შეხვედრაზე მოხვდა, სადაც ჩემი მეგობარი, კიდევ ერთი ადამიანი, მიშა სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია და ტარიელ ონიანი იმყოფებოდნენ. რაღაც თემებზე ლაპარაკობდნენ, მათ შორის, ზურას მოცილებაზე. ეს ადამიანი ზურას შევახვედრე... ამდაგვარი სხვა სიგნალებიც იყო, ანუ მშვიდი ცხოვრების განცდა არ გვქონდა... 2004 წლის აგვისტოში ცხინვალში სიტუაცია რომ დაიძაბა და ხალხი დაიხოცა, ამ პრობლემის გადაჭრა სააკაშვილს მაშინაც ძალისმიერი მეთოდით უნდოდა, მაგრამ ზურა ჩაერია და ცხინვალში ჩასვლა მოუწია. მისი ესკორტი დაცხრილეს და როგორც დაცვის წევრებისგან ვიცი, ეჭვია, რომ ოსური კი არა, ქართული მხრიდან დაცხრილეს.
სააკაშვილი ზურას დაახლოებულ პირად მიმაჩნდა, მაგრამ ცოტა უცნაური ქცევით გამოირჩეოდა და შეუძლებელი იყო, ეს თვალში არ მოგხვედროდა, თუმცა, თუ ასეთი ბოროტი და, არ მინდა, ძალიან უხეშად გამომივიდეს, უწესო ადამიანი იყო, არ მეგონა. სხვათაშორის, მაშინ ერთმა ძალიან გავლენიანმა ადამიანმა, ზურასთან რაღაც სუფრა იყო და იქ მითხრა, ბიძამისი „კაგებეშნიკია" და მიშაც შეკრული ჰყავთო, მაგრამ ეს რაღაც შიდა პოლიტიკურ ძიძგილაობად აღვიქვი..." - აცხადებს ჟვანია.
წყარო: გაზეთი „ვერსია"