ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე რელიგიური გრძნონების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე „რეპორტიორთან" საუბრობს და აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ეკლესიისა თუ სასულიერო პირების შეურაცხყოფა. მაგრამ ეს საკითხი კანონმდებლობით როგორ შეიძლება დარეგულირდეს, ამაზე ძალიან სერიოზული მსჯელობაა საჭირო.
„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ზუსტად რა ითვლება, ჯერ ეგ უნდა დავადგინოთ. ამის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, რას სახით შეიძლება იყოს მიღებული ესა თუ ისე კანონპროექტი. ნებისმიერი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, მიუღებელია. უპირველეს ყოვლისა, თვითონ საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ მარტო კანონით ეს ვერ გადაწყდება, ამას სერიოზული შინაგანი კულტურა სჭირდება. თითოეულმა ადამიანმა - ჟურნალისტი იქნება, პოლიტოლოგი, თეოლოგად მონათლული ზოგიერთი ექსპერტი თუ სხვა, შინაგანი ცენზურა უნდა დაიცვას, როდესაც ასეთ თემებზე აკეთებს აქცენტს. მაგალითად, ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლასთან დაკავშირებით ხშირად წამიკითხავს ძალიან ცუდი წერილები. ეს არ არის იმ ათასობით და მილიონობით ადამიანის რელიგიური გრძნობების, მათთვის წმიდათაწმიდას შეურაცხყოფა? - რა თქმა უნდა, არის. როდესაც უწმნიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს ილია II-ს საჯაროდ აყენებენ შეურაცხყოფას, თუნდაც სხვა, ნებისმიერ სასულიერო პირს და ა.შ. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ რანაირად შეიძლება, ეს საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცეს, ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. კიდევ ვიმეორებ, თვითონ საზოგადოება უნდა დაფიქრდეს შედეგებზე, რა მოჰყვება თითოეულ ასეთ ქმედებას", -განაცხადა ვარდოსანიძემ.