მერიაში „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის" პრეზენტაცია გაიმართა. სტრატეგია თბილისის მერს დავით ნარმანიას და მთავრობის წევრებს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ბერტრანდ გოალუმ გააცნო.
მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მომზადდა და 15 წლიან, სამეტაპიან სამოქმედო გეგმას მოიცავს. სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას განსაზღვრავს: ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბება (მდგრად ურბანულ ტრანსპორტზე ფოკუსირება); თბილისის, როგორც რეგიონის ეკონომიკური ცენტრის, ფუნქციის ზრდა და თბილისის კულტურულ, ტურისტულ და ახალგაზრდულ ჰაბად ჩამოყალიბება. ბერტრანდ გოალუს განცხადებით, დოკუმენტის მთავარი ამოცანაა თბილისის სატრანსპორტო სისტემა იყოს მდგრადი და ეკოლოგიურად დაცული.
„დოკუმენტი წარმოადგენს დეტალურად გაწერილ რეკომენდაციათა სერიას, რომელიც შეიქმნა თბილისის მერიის ჯგუფთან კონსულტაციების შედეგად და თბილისის მერის მითითებით, რომელმაც თავისი ხედვა გაგვაცნო. ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტი, ტრანსპორტის სპეციალისტი. თბილისის მერს სურს, სწრაფი მიდგომით დაიწყოს რეაგირება და ეს სურს მთავრობასაც. ამჟამად განიხილება პროექტები, რათა მოხდეს საავტობუსო ქსელის ოპტიმიზაცია, გახდეს ეფექტური და ნაკლებდანახარჯიანი, ასევე მოხდეს საკვანძო სატრანზიტო სისტემის, მეტროს განვითარება. არსებობს საბაგიროების განვითარების შესაძლებლობა, რომლებიც პირდაპირ მიებმება მეტროს სადგურებს და ბევრი მოსახლისთვის ხელსაყრელია მოშორებით დასახლებულ პუნქტამდე საბაგიროთი მისვლა", - განაცხადა ბერტრანდ გოალუმ.
თბილისის მერის განცხადებით, მთავრობამ სტრატეგია მოიწონა და მერია სამოქმედო გეგმაში გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
„მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიის შესაბამისი ქმედებები უკვე დავიწყეთ. 2016 წელს ჩვენ გვეყოლება 150 ახალი, თანამედროვე და ენერგოდამზოგავი ავტობუსი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ის, რომ დავიწყეთ თბილისის მეტროს მოდერნიზაცია. განხორციელდება ვაგონების და 7 სადგურის მოდერნიზაცია. ასევე აღდგება ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. ამასთან დაკავშირებით პროექტი მზად არის და სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. საცობებისგან განტვირთვის თვალსაზრისით რამდენიმე პროექტი ხორციელდება ახალი გზების და ესტაკადების მშენებლობის მიმართულებით. ამდენად, ეს არის პირველი წლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. სტრატეგიის შესაბამისად, საშუალო და გრძელვადიან გეგმებზე ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ ყოველწლიურად მეტი პროექტი განვახორციელოთ და მივიღოთ თანამედროვე, კომფორტული სატრანსპორტო სისტემა და უკეთესი პირობები შევქმნათ ქალაქში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიაზე აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2014 წელს ჩამოყალიბებულმა საორგანიზაციო კომიტეტმა იმუშავა. კომიტეტის მუშაობაში თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, თბილისის ტექნოლოგიური განვითარების ფონდისა და დარგის ექსპერტები იყვნენ ჩართული.