გაზეთ „ვეჩერნი ტბილისის" მთავარი რედაქტორი ვადიმ ანასტასიადი თბილისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მკითხველთა თხოვნის საფუძველზე წინადადებით მიმართავს, რომ თბილისის რომელიმე ქუჩას მოკლული სანდრო გირგვლიანის დედის - ირინა ენუქიძის სახელი მიენიჭოს:
„ქალაქ თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას
ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს
პატივცემულო ბატონო დავით!
პატივცემულო ბატონო გიორგი!
10 წელი შესრულდა მეტად სამწუხარო ამბის - „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" მენეჯერის სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან. სანდრო გირგვლიანის დაღუპვა ერთი ოჯახის ისტორიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა - იმავდროულად იქცა შემობრუნების პუნქტად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, რამეთუ ბოლო მოუღო მითს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დემოკრატიულობის შესახებ და მისი არაადამიანური და სისხლიანი ხასიათი წარმოაჩინა.
საზოგადოებრივი ცნობიერების გარდაქმნაში უდიდესი როლი ითამაშა სანდრო გირგვლიანის დედამ - ქალბატონმა ირინე ენუქიძემ, სიმართლისა და სამართლიანობის ზეობისათვის შეუდრეკელმა მებრძოლმა.
გაზეთ „ვეჩერნი ტბილისის" რედაქციაში შემოდის ჩვენი მკითხველების წერილები, რომლებიც გვთხოვენ, დავაყენოთ თბილისის მერიის წინაშე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის ირინე ენუქიძის სახელის მინიჭების საკითხი. რამდენიმე ასეთ წერილს გაზეთის დღევანდელი ნომრის ფურცლებზე ვაქვეყნებთ.
გამოვხატავთ რა ჩვენი თანამოქალაქეების სურვილს, მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ აღნიშნული საკითხი და მიანიჭოთ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ირინე ენუქიძის სახელი", - ნათქვამია მიმართვის წერილში.