ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ფილმს იღებს. Korean Broadcasting System-ის ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება.
დოკუმენტური ფილმების რედაქცია Food Odyssey-ის 8-კაციანი გადამღები ჯგუფის წევრებმა თბილისის ისტორიული უბნები, სიღნაღი, ალავერდი, თელავი, ალვანი, მესტია და უშგული გადაიღეს. ფილმში ძირითადი აქცენტი ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე გაკეთდება.
1-საათიანი ფილმი Korean Broadcasting System-ის ეთერით აპრილში გადაიცემა. ტელეკომპანიის ვებგვერდზე კი საქართველოს შესახებ 15 მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი იტრიალებს.
„საქართველო იდუმალ საგანძურს ჰგავს, თქვენი ქვეყანა უძველესი კულტურით გამოირჩევა. ჩვენ მსოფლიოს 6 ქალაქის: ნიუ-იორკის, პეკინის, ჰონგკონგის, ტოკიოს, ბეირუთისა და თბილისის შესახებ ფილმებს ვამზადებთ. ყოველი ეპიზოდი ხალხს, კულტურასა და კულინარიას ეხება. საქართველოს შესახებ ფილმს კორეაში მილიონობით მაყურებელი იხილავს", - აცხადებს Korean Broadcasting System-ის პროდიუსერი უკ-ჯონგ ლი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის გადაცემები, რომელსაც მილიონობით სამხრეთკორეელი და ინტერნეტ-მომხმარებელი იხილავს, ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და, ასევე, დამატებითი ტურისტული ნაკადების შემოსვლას საქართველოში.