ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი იმედა დვალიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და კომპანია „ტრანსფორდის" წინააღმდეგ ბიზნესმენის კუთვნილი კომპანიების მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მტკიცედ ვიყავით დარწმუნებულები, რომ მოწინააღმდეგე მხარეები - ფოთის საზღვაო ნავსადგური და სოსო დოლიძის კუთვნილი კომპანია „ტრანსფორდი" სასამართლო პროცესს წააგებდნენ. იმავეს ფიქრობდა მოწინააღმდეგე მხარე, და ამიტომ, არაერთგზის შეეცადა მოსამართლის და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციით, ცილისწამებით, დაშანტაჟებითა და ზეწოლით მიეღწია სასურველი გადაწყვეტილებისათვის. მათი ბრალდებების უსაფუძვლობასა და სამართლებრივ ნონსენსზე არაერთ განცხადებაში გავეცით პასუხი და ვივარაუდეთ, რომ სასამართლო გვერდს ვერ აუვლიდა უტყუარ მტკიცებულებებს. კერძოდ, უტყუარადაა დადასტურებული, რომ წინა ხელისუფლების მიერ დევნილი ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებისთვის 2010 წელს საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტა უკანონოდ და ძალადობით მოხდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებისთვის ზიანის მიყენების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დასრულებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნავსადგურში არსებული ამწეების ტექნიკური მდგომარეობის, მათი შემდგომი ექსპლუატაციის შესაძლებლობისა და სარემონტო სამუშაოების დადგენის თაობაზე შექმნილი საექსპერტო დასკვნა ყალბი იყო. ყალბი დოკუმენტი პორტში არსებული ამწეების გაუმართავობის თაობაზე გამოგონილი მიზეზის გასამყარებლად, მოიჯარე კომპანიების პორტიდან უკანონოდ გასაძევებლად და საიჯარო უფლებების მაშინდელი ხელისუფლებისთვის მისაღები სუბიექტის - სოსო დოლიძის კომპანიისთვის გადასაცემად შეიქმნა. გამოძიებით დადგენილია, რომ დაქირავებული უკრაინული საექსპერტო კომპანიების ექსპერტებს არ გადმოულახავთ საქართველოს საზღვარი, ექსპერტიზა რეალურად არ განუხორციელებიათ, ხოლო შესაბამის დასკვნას მათ ხელი მხოლოდ ფორმალურად მოაწერეს. მოსამართლეს უბრალოდ სხვა გადაწყვეტილების მიღების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, საქმეში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაყალბების გამო, ამ საქმეს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სასამართლოში მოვიგებდით",-აღნიშნა იმედა დვალიძემ.
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილი კომპანიების მიერ აღძრული სარჩელი დღეს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ფოთის ნავსადგურს მოსარჩელეთა სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.