ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „ფოსტალიონს" ექსკლუზიურად განუცხადა, რომ სერიოზული სიურპრიზები ელის საყდრისის ამფეთქებლებს სასამართლო სხდომაზე, რასაკვირველია, სამართლებრივი კუთხით და არა აქციით, კვერცხებით, პლაკატებით და შეძახილებით! საყდრისის საქმის მოსამართლე ნინო ბუაჩიძე ბიულეტენიდან სამსახურში უკვე გამოვიდა და სავარაუდოდ ჩანიშნავს მომდევნო სხდომის თარიღსო. მიქიაშვილმა 1 თებერვალს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა, რომელსაც ხელს ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად აწერს.
ჟურნალისტის თქმით, მუზეუმი მას უმალავს საჯარო ინფორმაციას და არ აძლევს იმ ექსპონატთა ჩამონათვალს, რომელიც საქართველოს ცენტრალური მუზეუმებიდან გამოიტანეს და მუდმივ მფლობელობაში გადასცეს ებრაელთა ისტორიის მუზეუმს.
„კიდევ ერთი ინფორმაცია, ეროვნული მუზეუმი არ მაძლევს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან გატანილი ექსპონატების ჩამონათვალს. ხელოვნების მუზეუმი გაძარცვულია, კოლექციები სხვადასხვა მუზეუმებშია გადატანილი. ხელოვნების მუზეუმში საგანძურის გარდა თითქმის აღარაფერია და სხვათა შორის, საგანძურიდან გატანილი ექსპონატებიც არ დაუბრუნებიათ უკან. მე ასევე მაინტერესებს, მიიტანეს თუ არა ხელოვნების მუზეუმში „არსენალის მთა ღამით"? ალბათ გახსოვთ, რომ ფიროსმანის ეს ტილო ბიძინა ივანიშვილმა ხელოვნების მუზეუმს აჩუქა, მაგრამ ეროვნული მუზეუმის დირექციამ ეროვნულ გალერეაში გამოფინა და როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ამ წუთამდე არ მიუტანით ხელოვნების მუზეუმში. ახლა ველოდები კულტურის სამინისტროს რეაგირებას - საჩივრის განხილვა უნდა ჩაინიშნოს. ადმინისტრაციულ საჩივარშიც ვწერ და აქაც შეგახსენებთ, რომ ეროვნული მუზეუმის დირექციის მხრიდან ეს არ არის ჩემთვის საჯარო ინფორმაციის დამალვის პირველი ფაქტი. მაინც მივიღებ გამოთხოვილ ინფორმაციას, ისევ სასამართლოსა და პროკურატურაში რომ დამჭირდეს სიარული." - აცხადებს ნინო მიქიაშვილი.