„პრემიერ-მინისტრის მასტერ-კლასი" - ასე აფასებს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პლენარულ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილის დასწრებას ანალიტიკოსი ზვიად კირტავა.
კირტავას თქმით, როგორც გიორგი მარგველაშვილისთვის, ასევე საპარლამენტო უმცირესობისთვის მოულოდნელი და დამაბნეველი იყო სხდომის ასეთი მიმდინარეობა. ანალიტიკოსმა საკუთარი მოსაზრების შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„პრემიერ-მინისტრის მასტერ-კლასი!
დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პლენარულ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ერთ საათზე მეტხანს დარბაზში ხმაამოუღებლად ჯდომით მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის უმრავლესობაც, უმცირესობაც, და დიპლომატიური კორპუსიც, ვფიქრობ, ჩვეული კალაპოტიდან ამოაგდო!
ალბათ, პრეზიდენტი მარგველაშვილისთვისაც, გარკვეულწილად მოულოდნელი იყო სხდომის ასეთი მიმდინარეობა. ხოლო უმცირესობისათვის კი სრულიად დამაბნეველი ჩანს ჩვეული კონფრონტაციული დაპირსპირების რეჟიმიდან ამოვარდნა. თითქოს-და უნდა გახარებოდათ, არადა, აშკარაა, რომ საკმაოდ შეშფოთებულები არიან, რადგან ადრე ყოველთვის ამ კონფრონტაციულ მინდორზე ნავარდით იოლად იწერდნენ „დაჩაგრული და შევიწროებული ოპოზიციისთვის" განკუთვნილ ქულებს და ახლა აღარ იციან, რა მოიმოქმედონ, ლამისაა „პად-დავკის" თამაში ინატრონ, მაგრამ რომ აღარ გამოსდით?!
მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა ვინც წყნარად და მშვიდად არის, აუღელვებლად აგროვებს ქულებს!" - განაცხადა ზვიად კირტავამ.