ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიასაშუალებებს მიმართავს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა შუხუთის ეკლესიის წინამძღვარმა ლიმუზინი იყიდა, ეს ფრაზა გამოტანილია სათაურში, თუმცა, მასალაში აღნიშნულია, რომ წინამძღვარს არაფერი შეუძენია, არამედ, მისი ოჯახის წევრმა შეიძინა კომერციული მიზნებისათვის... ამის მიუხედავად, ამბავია ატეხილი, დიდი წარმოდგენაც არ უნდა, როგორი...
თქვე კაი ხალხო, ან სათაურებით ინფორმირებას მაინც გადაეჩვიეთ და მასალებსაც გადაავლეთ თვალი, რადგან სათაური ჩვენს მედიაში ხშირად სრულიადაც არ პასუხობს მასალის შინაარსს და მეორე მხრივ, კიდევ... თუ იმას გააპროტესტებთ, როგორ გაბედა სასულიერო პირის ოჯახის წევრმა და რაიმე საქმიანობა წამოიწყოო, სწორედ ეს არის დისკრიმინაციაც და შევიწროებაც, რომ სასულიერო პირის ოჯახის წევრს ლამის არსებობას უკრძალავს ზოგი. ამ მედიასაშუალებებმა კიდევ იქნებ მოინდომოთ, რომ მცდარი სათაურის გამო ნუ გადაამტერებთ ადამიანებს ერთმანეთს, ხომ ხედავთ, არ კითხულობს ხალხი მასალას, სათაურით აკეთებს დასკვნას და ე.წ. „ნახვების" გაზრდის გამო ადამიანებს ნურც ცილს დააწამებინებთ და ნურც ალანძღვინებთ", - აცხადებს არჩილ გამზარდია.