„სააკაშვილი მახსოვს... პარლამენტის შენობასთან პატარა ედუარდი წარუდგინა შევარდნაძეს და... „ედუარდი თქვენი სიყვარულით დავარქვიო"... როგორც წესი, ასეთი ვაზელინობა სჭრიდა..." - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აქვე აღნიშნავს, რომ ზოგადად, თუნდაც მადლიერების გამოხატვის დროს, ადამიანებს ზომიერების დაცვა უნდა შეეძლოთ.
„90-იან წლებში, როცა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ვმუშაობდი, სისტემატურად ვაშუქებდით მთავრობის სხდომებს. მოკლედ, უამრავი მგზნებარე გამოსვლა მაქვს მოსმენილი... მაგრამ, ყველაზე შოკისმომგვრელი მაინც იმ პოლიტიკოსთა „ორატორული შემოქმედება" იყო, რომლებიც სხდომაზე მთვლემარე შევარდნაძეს ხან მამიკოდ, ხან ტკბილ ბაბუად, ხან სულიერ მოძღვრად მოიხსენიებდნენ... მახსოვს, ერთმა ასეთი ფრაზაც კი ისროლა: „ბატონო ედუარდ, საკუთარ მამას არ გაუკეთებია ჩემთვის იმდენი სიკეთე, რაც თქვენ გამიკეთეთო, თქვენ ხართ კრისტალური მმართველიო"... სულ მიკვირდა, ახლაც მიკვირს, სად პოულობენ ასეთ სიტყვებს... მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, უფრო ნათელ ფერებში ვუყურებდი ცხოვრებას... მლიქვნელობის, ვაზელინობის მსგავსი მაგალითები მარტო კი არ მაბრაზებდა, გულს მირევდა... სააკაშვილიც მახსოვს... პარლამენტის შენობასთან პატარა ედუარდი წარუდგინა შევარდნაძეს და... „ედუარდი თქვენი სიყვარულით დავარქვიო"... როგორც წესი, ასეთი ვაზელინობა სჭრიდა... მძრომელები წინ მიიწევდნენ... წინ - მაღალი პოსტებისაკენ... და ეს ჩემს თვალიწინ ხდებოდა... ახლაც იგივე ხდება... მე კი, მიხარია, რომ საკუთარი მამა არასდროს გამიცვლია... ჯერ (უკვე გარდაცვლილი) მამაჩემია და მერე დანარჩენი სამყარო... ის მამაჩემი, რომელსაც, საოპერაციო ხელთათმანის გარდა, სხვა ქონება არ ჰქონია... ზოგადად, თუნდაც, მადლიერების გამოხატვის დროსაც კი, ზომიერების დაცვა არ აწყენდათ ადამიანებს... ასეთ ვაზელინებს ვეუბნები: უცხო კაცს ისე კი ნუ შეეტენებით, რომ საკუთარი მამა წამებში გაწიროთ...
P.S. ისე, ბოლოს... შევარდნაძეს და... რაც მთავარია, ქვეყანას სწორედ იმ ხალხმა უღალატა და გამოჭრა ყელი, ვინც მამიკოდ და ტკბილ ბაბუად მოიხსენიებდა..." - წერს ინაშვილი.