„არ მომწონს, როცა პოლიტიკოსები საკუთარი უცნაური და არც მთლად ადეკვატური განცხადებების შემდეგ, თავს იმ ფორმით იმართლებენ, რომ ჟურნალისტებზე ხელის შეხოცვას ცდილობენ", - ჟურნალისტი ნათია ინაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს იმ ნაწილს, სადაც რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებაზე საუბრობს:
„პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, თურმე, ჟურნალისტებს გაუნაწყენდა: - გაუთხოვარი ქალების თემაზე ვიხუმრე და ჩემი ხუმრობა თქვენ ვერ გაიგეთო, ხოლო მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში „ქართული ოცნების" სრული გამარჯვების შესახებ „ფანტასტიკური პროგნოზი" მე არ გამიკეთებია, NDI-სთან კონკურენციაში შესვლას ნუ მაბრალებთო.
მოკლედ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ბერძენიშვილს მე ვესაუბრე და ძალიან არ მომწონს, როცა პოლიტიკოსები საკუთარი უცნაური და არც მთლად ადეკვატური განცხადებების შემდეგ, თავს იმ ფორმით იმართლებენ, რომ ჟურნალისტებზე ხელის შეხოცვას ცდილობენ - აი, ძალიან არ მომწონს ეს. სწორედ ამიტომ ვაქვეყნებ მასთან ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ლევან ბერძენიშვილი მაჟორიტარულ არჩევნებზე საუბრობს და დასკვნა თქვენ გააკეთეთ - ხუმრობს, სერიოზულად საუბრობს თუ მე ვაბრალებ რამეს", - წერს ნათია ინაური.