„მაესტროს" დირექტორის პოსტზე ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე საკუთარ ძმას ლევან გაჩეჩილაძეს ასახელებს.
„უკვე სამი წელია, ბაია გადაბაძე მართავს ტელევიზიას. ამ ხნის განმავლობაში რეიტინგი 4%-მდე დავიდა. ასევე სასამართლოში შესულია „მაესტროს" გაკოტრებაზე საქმე. სანამ არ დაინგრევა „მაესტრო", მანამდე არ უნდა შეიცვალოს ვითარება?" - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა.
„პრემიერ-მინისტრი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ვხვდები", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
გია გაჩეჩილაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის 25%-იანი წილის შესაძენად თანხა მაკა ასათიანისგან ისესხა.
გია გაჩეჩილაძის განცხადებით, სარედაქციო პოლიტიკაში ვერავინ ჩაერევა. მისი თქმით, „მაესტრო" შეინარჩუნებს საინფორმაციო გამოშვებას, ექნება ახალი ფორმატი, რომლის შესახებ უკვე არსებობს კონცეფცია.
„ეთერში რომ გავა, მერე ნახეთ, მიკერძოებული იქნება თუ არა. ახლა რატომ წუხართ, არ მესმის", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, ტელეკომპანიაში როგორც ძველი, ისევე, ახალი თანამშრომლები იმუშავებენ. ასევე, მისი თქმით, ითანამშრომლებს ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან ეკა აკობიასთან და მამუკა ღლონტთან.