გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ კახეთში დიდი რაოდენობით გაზის აღმოჩენის თაობაზე „ფრონტერას" ინფორმაცია თუ დადასტურდა, მთავრობა ადეკვატურ ზომებს გაატარებს.
„ეს არ არის პირველი განცხადება „ფრონტერას" მხრიდან გაზის ასეთი დიდი მარაგების აღმოჩენის თაობაზე. დღეს უფრო მეტი ინტენსივობით საუბრობენ ისინი ამის შესახებ. თუ ვინმე იქნება ბედნიერი და კმაყოფილი ასეთი ინფორმაციის დადასტურებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ვიქნები მეც, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, მითუმეტეს, ეს ჩემი რაიონია, საიდანაც ვარ წარმოშობით. იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია უფრო მეტად დამაჯერებელი გახდეს, საჭიროა, რომ საკითხი უფრო ღრმად იქნას შესწავლილი სპეციალისტების მხრიდან, წარმოდგენილი იქნას მეტი მტკიცებულება. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გაატარებს ადეკვატურ ზომებს იმისათვის, რომ აღნიშნული რესურსი (თუ ის არსებობს) მოპოვებულ და გამოყენებულ იქნას ქვეყნის სასიკეთოდ", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის თანახმად, „სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში" აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ანგარიში კომპანია Frontera Resources-ს ინფორმაციას ეყრდნობა.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა