ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" მდივანი ზურაბ ტყემალაძე ამავე ფრაქციის თავმჯდომარის გოგი თოფაძის განცხადების შეფასებისგან, რომელიც მან პრეზიდენტის მისამართით პარლამენტში გააკეთა, თავს იკავებს - „ვიცი, რაზეც მირეკავთ, მე ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ", - განუცხადა ტყემალაძემ „რეპორტიორს".
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი „დაუნებს შეადარა". გოგი თოფაძის განცხადებით, სტატიაში სახელწოდებით - „ნიჩურტა, მე ქართველი ვარ", მარგველაშვილმა ქართველ ხალხს მსუბუქი დებილობის დიაგნოზი დაუსვა და ქართველ ერი ჩლუნგებად მოიხსენია.
„თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ... ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში. ისიც უნდა გითხრათ, როცა პრეზიდენტი, პირველი კაცი ლაპარაკობს, მისი ყველა ნათქვამი ანალიზდება და როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეში, სადაც დღეს თქვენ ხართ, ეს არასწორია. არაფრით წაადგა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში სხვადასხვა ფორუმზე ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული. ქვეყნის იმიჯზე უფრო უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს. უნდა გაგეთვალისწინებინათ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო „ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა კომპრომისი გვენახა და უცხოეთში არ დაენახათ, რომ ქვეყნის ორი წამყვანი პირი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან", - განაცხადა გოგი თოფაძემ.