საპარლამენტი უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახების კანონპროექტზე „რეპორტიორთან" საუბრობს. პარლამენტარი მიიჩნევს, კანონპროექტში ზუსტად უნდა იყოს დასაბუთებული, რა გადაცდომებისთვის შეიძლება დაისაჯოს კონკრეტული პირი. გოგლა ჟვანია ამ კონკრეტული კანონპროექტის მიღებას არ მიესალმება.
„ცოტა საკამათოდ მეჩვენება ეს კანონპროექტი. თუ ამ იდეის ინიციატორმა, ამ შემთხვევაში ბატონმა სოსო ჯაჭვლიანმა, ასეთი კანონის არსებობა აუცილებლობად მიიჩნია, უნდა დაასაბუთოს, რა განსაზღვრული გადაცდომებისთვის შეიძლება ადამიანი დაისაჯოს. სისხლის სამართლის კოდექსში ადრე ცილისწამების მუხლი იყო, რომელიც 2004 წელს ამოიღეს. ძალიან ბევრი ცილისწამება მსმენია როგორც პატრიარქის, ისე სხვა ადამიანების მიმართაც, ეს საკუთარ ოჯახზეც მაქვს გამოცდილი. უსაფუძვლო ცილისწამება, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება - ბუნებრივია, დასჯადი უნდა იყოს. აი, ამ შემთხვევაში ცილისწამების მუხლის აღდგენას ნამდვილად მივესალმები. ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, ვუჩივლოთ და პასუხი მოვთხოვოთ მას, ვინც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს. ახლა რაზეც ვისაუბრე, ეს არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკითხი, თუ რაზე შეიძლება ადამიანმა პასუხი აგოს. ამიტომ, როდესაც რაღაც სასჯელს აწესებ, აუცილებელია, კონკრეტულად განსაზღვრო, რის გამო აგებს ადამიანი პასუხს და ეს არ იყოს ზოგადი ფორმულირებებით ნათქვამი, რომ შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტოს, რა იქნება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა", - აცხადებს ჟვანია.