„პე-ეს-პეს" დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი უარყოფს სააგენტო „GBC"-სთან რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარს, რომელშიც კომპანიის შესაძლო გაკოტრებასაც არ გამორიცხავდა.
ტელეკომპანია „GDS"-თან სატელეფონო ჩართვისას მან განაცხადა, რომ შესაძლოა, მედიამ მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა და აცხადებს, რომ სიძნელეების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ფარმაცევტულ სექტორში აბსოლუტური სიმშვიდეა. რა თქმა უნდა, ბაზარს კრიზისი ეტყობა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
„ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ კი „GDS"-თან საუბარში აღნიშნა, რომ არის თვეები, როდესაც კომპანია საერთოდ მოგების გარეშე მუშაობს.
„ერთი მხრივ, არ გვინდა მომხმარებლის განაწყენება და უკმაყოფილება იმის გამო, რომ გაიზარდოს ფასები და ამავე დროს ძალიან ძნელია ასეთ პირობებში კომპანიის შენარჩუნება, ვინაიდან შეიძლება ერთი, ორი, სამი ან რამდენიმე თვე იმუშაო ზარალზე, მაგრამ კომპანიის მიზანი ვერ გახდება, რომ მან ზარალზე იმუშაოს", - განაცხადა პაატა კურტანიძემ.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაბაზრის ლიდერების შეშფოთებას ბაზარზე კონკურენციის გამძაფრების მოლოდინს უკავშირებს.
„ზომიერ გაკვირვებას გამოვხატავ, რატომ აღიქვამენ კერძო კომპანიები კონკურენციას გაკოტრების რისკად. ალბათ, რაღაც სხვა მოსაზრებები აქვთ, თუმცა ჩვენი პირველი მიზანი არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რადგანაც ჯანდაცვის ბიუჯეტი არ არის ბიზნესის განვითარების ბიუჯეტი", - აცხადებს დავით სერგეენკო.
ცნობილია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია" შემოდის. კომპანიაში აცხადებენ, რომ არ აპირებენ ზემოგებაზე მუშაობას და უახლოეს მომავალში არსებულ ფასებთან შედარებით მინიმუმ 30%-ით იაფად შესთავაზებენ მომხმარებელს 250-მდე დასახელების ხშირი მოხმარების მედიკამენტს.