reportiori.ge - ''მე გახლდით მთავარი რედაქტორი იმ ჟურნალისა, რომელმაც დაბეჭდა გიორგი მარგველაშვილის ნაშრომი''
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:06
საზოგადოება
''მე გახლდით მთავარი რედაქტორი იმ ჟურნალისა, რომელმაც დაბეჭდა გიორგი მარგველაშვილის ნაშრომი''
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 16:45


„მე გახლდით მთავარი რედაქტორი იმ ჟურნალისა, რომელმაც დაბეჭდა გიორგი მარგველაშვილის ნაშრომი", - უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე დეპუტატ გოგი თოფაძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს აკეთებს:


„რატომ გამოვაქვეყნე და კიდევ გამოვაქვეყნებ „ნიჩურტას" - პასუხად ბატონ გოგი თოფაძის უპასუხისმგებლო გამოსვლას

 

გუშინ ბატონმა გოგი თოფაძემ, ვფიქრობ, ყოველგვარი საფუძველის გარეშე გააკეთა სრულებით უპასუხისმგებლო განცხადება, სადაც საქართველოს პრეზიდენტს სულ ტყუილად დასდო ბრალი იმაში, რომ მან თითქოს ქართველი ერი „დაუნებს შეადარა".

 

ეს, გარდა იმისა, რომ ფაქტობრივი სიცრუეა, რომელიც ამხელა ასაკის კაცს და საქართველოს პარლამენტის წევრს არანაირად არ ეკადრება, ამასთანავე, მან თავის გამოსვლაში უკადრებელი იკადრა დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანის მიმართ და მათ წინაშეც დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი.

 

წარმოუდგენელია, რომ ამხელა ასაკის კაცი და საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი ასეთ, ყველა გაგებით საშინელ განცხადებას აკეთებს - ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედიაა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს გიორგი მარგველაშვილის არაჩვეულებრივი წერილის „ნიჩურტას" მიერ გაკეთებული დასკვნების სიმართლეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შეურაცხმყოფელი იმ წერილში არაფერი ყოფილა და ზოგადად არც არავის შეურაცხმყოფელი.

 

2001 წელს მე გახლდით მთავარი რედაქტორი იმ ჟურნალისა, რომელმაც დაბეჭდა გიორგი მარგველაშვილის ძალიან კარგი პოპულარულ-მეცნიერული ნაშრომი „ნიჩურტა - მე ქართველი ვარ". ამ წერილში ავტორი სოციალური ფსიქოლოგიის მეცნიერულ ენაზე ძალიან კარგად ასაბუთებს ქართველი ხალხის დღევანდელი და ბოლო 200 წლის - ხაზს ვუსვამ ბოლო 200 წლის - სულიერ ინფანტილურობას და შედეგად უპასუხისმგებლობას. უპასუხისმგებლობას, რომელსაც შედეგად გონებრივი ჩამორჩენილობა მოჰყვება - ანუ მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ, „დებილიზმი".

 

ბატონ თოფაძეს კარგად უნდა მოეხსენიებოდეს, რომ იმპერიალიზმის კალთას ამოფარებული ერი თუ ხალხი, სწორედ იმ ბავშვის ინფანტილურ მდგომარეობაშია, რომელიც ყველანაირ პასუხისმგებლობას იცილებს ცხოვრებაში, და რომელსაც საუბედუროდ, არ გააჩნია დამოუკიდებლად განსაზღვრული ცხოვრების საზრისი. ასეთი ერი თუ ინდივიდი ვერანაირად ვერ არის „მთლიანი" - მარგველაშვილი აქ ძალიან კარგად იყენებს უზნაძისეულ განმარტებას და სწორედ ქართული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ძირებიდან იღებს.

 

ის არ მირბის უცხოელებთან ამ თეზების ასაღებად და ბატონ თოფაძესთან შედარებით ამაში ბევრად უფრო ქართველიც არის. დიახ, XIX-XX საუკუნეებში ქართველმა ხალხმა ინფანტილური და სასათბურე პოზა მიიღო და უარი განაცხადა საკუთარი ადგილის დამკვიდრებაზე მსოფლიო თანამეგობრობაში.

 

მარგველაშვილი არაჩვეულებრივად კარგად ხსნის შემოქმედებითობის საწყისს დამოუკიდებელი პიროვნებისათვის. დამოუკიდებელი პიროვნების ან ერის სწრაფვა შემოქმედობისაკენ (რაც ღმერთის მიერ მასზე დაკისრებული მთავარი მისიაა სიყვარულთან ერთად) არის რისკებით და გაურკვევლობებით სავსე გზა, სადაც ყოფნა ხშირად ნამდვილად საშიშია. მაგრამ თუ ადამიანს ან ერს პრეტენზია აქვს შემოქმედობაზე, იგი სხვას კი არ უნდა ბაძავდეს - არამედ თვით ქმნიდეს საკუთარ მსოფლმხედველობრივ პროდუქტს. ეს კი მხოლოდ კოსმოსში დამოუკიდებელი და დიახაც საშიში გასეირნების შემდეგ ხდება.

 

ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ქართველი ერის დიდმა ნაწილმა (და გამონაკლისები ნამდვილად არსებობს, ვთქვათ პაკო სვიმონიშვილის, იგივე გურამ პეტრიაშვილის, ნაირა გელაშვილის, გოდერძი ჩოხელის, ზურაბ რთველიაშვილის და სხვათა შემოქმედებაში) არჩია, რომ ჯერ რუსული მოდელისთვის მიებაძა, და ახლა კი ეს მოდელი ჩაანაცვლა დასავლურით.

 

დღეს დასავლური „პოლიტკორექტულობა" ისეთივე დოგმაა „ნიჩურტირებული სიდებილით" აღსავსე ქართული ელიტებისთვის, როგორც გუშინ იყო ვლადიმირ ლენინის ან თუნდაც კონსტანტინ სიმონოვის ნაშრომები. საქმე იმაში კი არაა, რომ ვთქვათ ან რუსია ცუდი ან დასავლელი - საქმე ჩვენს მონურ და ინფანტილურ მდგომარეობაშია.

 

ჩვენ დღესაც „ძლიერ ბატონს" ვეძებთ - ჩვენი საზოგადოება სავსეა ინფანტილური კარიერისტებით და უსაქმურებით, რომლებიც ვაშონგტონიდან, მოსკოვიდან ან რომელიმე სხვა მეტროპოლისიდან ცდილობენ როგორც იდეების, ასევე შემოსავლის ცოდნას. ამ მდგომარეობას, როგორც გონებრივ ჩამორჩენილობას, არაერთი სხვა მოაზროვნე აღწერს კარგად, და მათ შორის ფრანც ფანონი, როდესაც ის აღწერს დამონებული აფრიკელი ერების ელიტების სწრაფვას, რომ ისევ კოლონიალისტების ეკონომიკურ კალთებს ამოეფარონ და ისევ მათთან ერთად უკვე ეკონომიკურად გაატყავონ საკუთარივე ხალხი. ეს გონებრივი ჩამორჩენილობაც არის საოცარი უზნეობაც და გიორგი მარგველაშვილი აბსოლუტურად მართალი იყო 2001 წელსაც, როდესაც მისი ეს ნაწერი „დრო მშვიდობისაში" გამოქვეყნდა და სამწუხაროდ, დღეს - როდესაც ქართველი საზოგადოება გაყოფილია რუსეთისა და დასავლეთის მონებად ყოფნის ენთუზიასტ კარიერისტებად, რომელთაც მხოლოდ ერთი რამის თქმა უნდათ „ნიჩურტა - მე ქართველი ვარ" - ყველაზე მაგარი და ამავე დრო ყველაზე მონა ერი, რომელიც ისე გამოგადგები იმპერიებს, რომ ჩემზე უკეთესი არავინაა.

 

სწორედ ამაშია ჩვენი მთავარი უბედურება. ბატონი თოფაძე თვლის, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დასავლური კორპორატიული სამყაროს მონები - და მას ურჩევნია, რომ რუსეთის მონები ვიყოთ. ის ღრმად ცდება, რადგან მონობა არავითარ შემთხვევაში არ მოგვიტანს ბედნიერებას და თავისუფლებას.

 

პრეზიდენტის და თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ საკუთარ ერს სიმართლე პირდაპირ ვუთხრათ, როგორც „მოყვარეს". და დიპლომატიური საუბარი, რა თქმა უნდა, ბევრთან შეიძლება მსოფლიოში.

 

გიორგი მარგველაშვილის მიერ ჩამოთვლილი ფაქტორები დღესაც ძალიან აქტუალურია ჩვენი ცხოვრებისათვის. ის დღეს არის ერთ-ერთი იშვიათი ქართველი მოაზროვნე, რომელმაც ეს საკითხი ასე პირდაპირ და მართლად დასვა.

 

დიახ, ეს სწორედ თავადი ილია ჭავჭავაძის ტრადიციებიდან მოდის. მისი „ბედნიერი ერი" ხომ ძალიან კარგი მაგალითი იქნებოდა ბატონი თოფაძისთვის და მისნაირად მოფიქრალი ხალხისთვის, რომ მოეთხოვათ ილია ჭავჭავაძისთვის არა მხოლოდ წმინდანობის, არამედ საქართველოს „სულიერი მამობის" და „განმანათლებლობის" წოდების ჩამორთმევა.

 

როგორ, ილიამ რომ ჩვენს ერს უშფოთველი ქვემძრომელები უწოდა (ხომ არ გახსენდებათ ფრაგმენტები თანამედროვეობიდან? Смайлик «smile» ) - „ყველა ყრუი, ყველა ცრუი - ყველა ფლიდი - ცუღლუტი და მანკიერი" - ბატონო გოგი, „ყველაო", - წერს ილია ჭავჭავაძე - გამოდის, რომ ჩვენც გვეხება და თქვენცა...

 

სასწრაფოდ ველოდები თქვენს გამოსვლასა ილია ჭავჭავაძის - ყვარლელი თავადის და თავხედური გამოხტომის წინააღმდეგ. ტიტუუუ! ეს რა გვაკადრეს - ეს რა აკადრეს ჩვენს წარჩინებულ კაპიტალისტებს, ბურჟუებს, ქვემძრომ პოლიტიკოსებს და კარიერისტ ბიუროკრატებს.

 

ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი?

მძიმე ყალნით,

ლამაზ ფალნით

მორთული და მშვენიერი;

უწყინარი,

უჩივარი,

ქედდრეკილი, მადლიერი;

უშფოთველი,

ქვემძრომელი,

რიგიანი, წესიერი;

ყოვლად მთმენი,

ვით ჯორ-ცხენი,

ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი?!

ყველა უნჯი,

ყველა მუნჯი,

გულჩვილი და ლმობიერი;

თვალაბმული,

თავაკრული,

პირს ლაგამი ზომიერი;

ყველა ყრუი,

ყველა ცრუი,

ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;

მცირე, დიდი -

ყველა ფლიდი,

ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი?!

მტვერწაყრილი,

თავდახრილი,

ყოვლად უქმი, უდიერი;

უზღუდონი,

გზამრუდონი,

არგამტანი და ცბიერი;

მტრის არმცნობი,

მოყვრის მგმობი,

გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;

არრის მქონე,

არრის მცოდნე,

უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი

კიდევ არის სადმე ერი?

 

2001 წელს თავისი წერილითაც და დღესაც თავისი გამოსვლით გიორგი მარგველაშვილი სწორედ ამ კაცის ტრადიციებს აგრძელებს, რომელმაც აგრერიგად მართლად დაწერა „ბედნიერი ერი". მის გარდაც ბევრი მწერალი და მოაზროვნე წერდა ამაზე. მისი ოპონენტები კი, იმედია, ფილიპე მახარაძის გზას არ დაადგებიან ან სერგო ორჯონიკიძისას. ესეც უბედურება იქნება.

 

გიორგი მარგველაშვილი მხოლოდ ქართველი ერის იმდროინდელ და ამდროინდელ მდგომარეობაზე ლაპარაკობს და არა მის ზოგად შესაძლებლობასა თუ ნიჭზე. ამაში ქართველ ერს პრობლემა არა აქვს. მთავარია, მან „ნიჩურტას" პოსტკოლონიური სინდრომი გადაძლიოს და ნამდვილად დამოუკიდებლად შეეძლოს აზროვნება და ქცევაც", - წერს კაკაბაძე. 


 

 

 

მოამზადა სალომე ჯანდიერმა 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016